"თბილისის მერიას 281 მანქანა ემსახურება, ხოლო ლონდონის წარმომადგენლობით ორგანოსა და ვილნიუსის მერიას არცერთი" - ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფლანგვის დეტექტორის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 281 მანქანიდან 105 თბილისის გამგეობების ბალანსზეა, ხოლო დანარჩენი თბილისი მერიის ადმინისტრაციასა და სხვადასხვა სამსახურზე მოდის.

ლიტვის დედაქალაქის მუნიციპალური მთავრობიდან მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ ვილნიუსის საბჭოს რეგულაციის მიხედვით, მერი, მერის მოადგილე, კომიტეტების თავმჯდომარეები, პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები და საბჭოს წევრები არ სარგებლობენ სამსახურეობრივი მანქანებით. ამის სანაცვლოდ, მათ ყოველთვიურად ეძლევათ 300 ევროს ოდენობის დანამატი, რომელიც გამოყოფილია მობილური ტელეფონის, ფოსტის, ინტერნეტისა და მგზავრობის ხარჯების (მათ შორის ავტომობილის ქირაობა და შეკეთება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით სარგებლობა, დაზღვევა და ა.შ.) ასანაზღაურებლად.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის საკრებულოდან მიღებული წერილი კი გვამცნობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წევრები და თანამშრომლები სამსახურეობრივი მანქანებით, ან სხვა რაიმე ტიპის დამატებითი ბენეფიტებით სახელმწიფოსგან არ სარგებლობენ. ასევე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ლონდონის მერი და კოლეგიის სხვა წევრები საჯარო ტრანსპორტით გადაადგილდებიან.

თბილისის მერიის ბალანსზე არსებული მანქანების შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგალითისთვის, 2017 წლის იანვარში მერიის მანქანების გადაადგილებისთვის 58 242 ლიტრი ბენზინი, ხოლო თებერვალში 58 163 ლიტრი ბენზინი დაიხარჯა.

ამავე თემაზე: