შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ერთი ადამიანის მკვლელობისა და 3-ის დაჭრის საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.

როგორც შსს-ში ამბობენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 21 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელ ძმებს, ასევე, მათ დედას და საკუთარ შვილს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"მიყენებული დაზიანებების შედეგად, ერთ-ერთი ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ", — ნათქვამია განცხადებაში.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.