პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ 308 ევროპარლამენტარიდან, შეიძლება, 250-ს საერთოდ წაკითხულიც არ ჰქონდა რეზოლუცია საქართველოზე. მისი თქმით, ყველა პარლამენტში ასე ხდება და არაა აუცილებელი ყველა დეპუტატმა ყველა რეზოლუცია იკითხოს.

"ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო. ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, ის შედგება სხვადასხვა პარტიისგან, შესაბამისად, იქაც პარტიული ხაზები და კუთვნილება ბევრ რამეს წყვეტს. პარლამენტში, შეიძლება ბევრი ისეთი დეპუტატი იყოს, რომელიც პარტიული გადაწყვეტილებით აძლევს ხმას ამა თუ იმ რეზოლუციას.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ 308 კაცზე, რომელმაც ხმა მისცა ამ რეზოლუციას, იმ 308 კაციდან, შეიძლება, 250-ს საერთოდ წაკითხულიც არ ჰქონდა ეს რეზოლუცია, მაგრამ რადგან მათი პარტიის წევრების მხრიდან იყო ეს ინიცირებული, მათ ხმა მისცეს. ეს მარტო ევროპარლამენტში კი არა, ყველა პარლამენტში ასე ხდება, არ არის აუცილებელი ყველა დეპუტატმა ყველა რეზოლუცია იკითხოს. კონკრეტული ადამიანები, პასუხისმგებელი პირები არიან გამოყოფილი და ისინი რასაც ურჩევენ თავიანთ კოლეგებს, ისე აკეთებენ", — ამბობს ის იმედის ეთერში.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 218 იყო.

8 ივნისს ევროპარლამენტში ამ საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულად შეაფასეს და შეშფოთება გამოხატეს მთავრობის დამოკიდებულებებზე, რაც რეზოლუციაში დაწვრილებით აისახა.

ტექსტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას და მის კრემლთან ურთიერთობას ეხება. რეზოლუცია საქართველოს მთავრობას ზოგადი პრინციპებისა და მოვალეობების დაცვისკენ მოუწოდებს, ამასთანავე მასში განხილულია კონკრეტული საკითხები, რაზეც ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს, როგორიცაა 5 ივლისის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების განცხადებაში კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზეა საუბარი, საქართველო მოლდოვასა და უკრაინისგან გამიჯნულად არის ნახსენები და აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმუშავოს.