საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს და მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად დაადგინონ იმ პირთა ვინაობა, ვინც აღნიშნულ ძალადობრივ ფაქტს ორგანიზება გაუკეთა.

TI მიიჩნევს, რომ გამოძიება მხოლოდ ცემის მუხლით არ უნდა მიმდინარეობდეს, რადგან აღნიშნულ ინციდენტში აშკარად იკვეთება სხვა დანაშაულების ნიშნებიც:

"მედიაში გავრცელებული კადრები და ინფორმაცია მიუთითებს, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ მოქმედებას პირთა ჯგუფის მხრიდან, რომელთა მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები სცდება ცემის ფარგლებს და შეიცავს უფრო მძიმე დანაშაულების ნიშნებს".

ორგანიზაციას ასევე კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ არ აღკვეთეს სამართალდამცავებმა ადგილზევე ძალადობრივი ფაქტები და რატომ ვერ მოხდა პროცესში საკმარისი საპოლიციო რესურსის დროული მობილიზაცია და ჩარევა.

TI ამბობს, რომ ვინაიდან სხვა შემთხვევებში, მშვიდობიანი ან/და ნაკლებად ძალადობრივი აქციების დროს პოლიცია იყენებს ხოლმე შესაბამის ზომებს და აკავებს აქტივისტებს, საქმე გვაქვს პოლიციისა და პროკურატურის მიერ ორმაგი სტანდარტით მოქმედებასთან:

"სახელმწიფოს არ აქვს ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა პასუხი ძალადობის ფაქტების მიმართ და სახელმწიფო აპარატის მხრიდან რეაგირება პოლიტიკურ ან სხვა ტიპის კონიუნქტურაზეა დამოკიდებული".

ორგანიზაცია ამბობს, რომ აღნიშნული განსაკუთრებით სახიფათოა წინასაარჩევნო პროცესში, როდესაც უსაფრთხოების მინიმალური გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში საარჩევნო კამპანიის განხორციელება და ნების თავისუფალი გამოვლენა.

22 მაისს, ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე, სადაც შუალედური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობდა, ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ შორის გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.