პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება უსამართლო და შეურაცხმყოფელი, ის ყველაფერს ფარდას ახდის.

"ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ჩვენი ძალიან მაგარი, ამაყი ხალხით. რა თქმა უნდა, აქ ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ჩვენ ახლა ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მაგრამ როცა საუბარი არის დამსახურებაზე დაფუძნებელ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას.

ამიტომ, 17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და 23-24 ივნისს დაველოდები, მანამდე მე, უბრალოდ, შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი", — ამბობს ის.

ამასთანავე, ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, თუმცა "სიმბოლური".

6 მაისს საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილის შევსება დაასრულა. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი 11 აპრილს გადასცეს. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.

9 ივნისს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზეა საუბარი. ტექსტში საქართველო მოლდოვასა და უკრაინისგან გამიჯნულად არის ნახსენები და აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმუშავოს.