პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, თუმცა "სიმბოლური".

"რაც შეეხება სტატუსს, სტატუსის ფასი რომ შევაფასოთ, ჩვენ ახლა ისე არ წარმოვაჩინოთ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ სიმართლე და მე ვარ ვალდებული ჩვენს ხალხთან, კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური, ასე ვთქვათ, მატარებელი. რეალურად, ამ სტატუსის მონიჭებით, რისი დიდი იმედიც მაქვს ჯერ კიდევ, ამ ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპის ინტერესებშიც არის, ჩვენს ინტერესებშიც არის და არ იქნება რუსეთის ინტერესებში ეს გადაწყვეტილება მიღებული", — ამბობს ის.

6 მაისს საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილის შევსება დაასრულა. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი 11 აპრილს გადასცეს. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.

9 ივნისს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზეა საუბარი. ტექსტში საქართველო მოლდოვასა და უკრაინისგან გამიჯნულად არის ნახსენები და აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმუშავოს.