ევროპის 9 ქვეყანა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის შავ ზღვაში გაძლიერებისკენ მოუწოდებს. როგორც The Guardian AFP-ზე დაყრდნობით წერს, ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ლიდერები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, მადრიდში NATO-ს სამიტამდე სამი კვირით ადრე შეხვდნენ.

შეხვედრა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა პოლონელ კოლეგასთან, ანდჟეი დუდასთან ერთად გახსნა.

"რუმინეთსა და შავ ზღვაში უსაფრთხოების გაზრდილი რისკის გათვალისწინებით, NATO-ს ერთიანობა მის აღმოსავლეთ ფლანგზე, უფრო აქტუალური და გადამწყვეტი ხდება", — ციტირებს რუმინეთის პრეზიდენტ France 24.

მისივე თქმით, სამიტზე გრძელვადიან ხედვებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს მე-5 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ერთ წევრზე თავდასხმა, ყველა მათგანზე თავდასხმას ნიშნავს. The Guardia წერს, რომ ბუქარესტში წარმოდგენილი ცხრა ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურები ასევე განიხილავენ რუსეთის შემოჭრის გავლენას ნატოს "დაუცველი პარტნიორებზე", მათ შორის, მოლდოვასა და საქართველოს უსაფრთხოებაზე.