მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

"როცა ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში ეფექტურად გამოიყენოს დარჩენილი დრო, რომ გაზარდოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსი", — აღნიშნულია განცხადებაში.

კოალიცია აცხადებს, რომ მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან ნიკა გვარამია და ამისათვის გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი ან სხვა სამართლებრივი გზები, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა შეწყვიტონ თავდასხმები და ბოიკოტის რეჟიმი კრიტიკული მედიის მიმართ.

ამას გარდა, მედიის ადვოკატირების კოალიციის თქმით, უნდა დაჩქარდეს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შემთხვევების გამოძიება, ევროკავშირის პრაქტიკის მსგავსად, საქართველოში აიკრძალოს რუსული ტელეარხების ტრანზიტი და საჯარო სამსახურებმა ჯეროვნად აღასრულონ საჯარო ინფორმაციის გაცემასთანად დაკავშირებით კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებები.