აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსის შესასწავლად გაშვებული მავალი პერსევერანასი წითელ პლანეტაზე ქვას "დაუმეგობრდა".

საქმე იმაშია, რომ თებერვლის დასაწყისში აპარატის წინა მარცხენა ბორბალში საშუალო ზომის ქვა შევარდა და მას შემდეგ იქაურობას არ სცილდება. ფაქტობრივად, უკვე 4 თვეა, რაც პერსევერანსი ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ზედაპირზე უჩვეულო თანამგზავრთან ერთად გადაადგილდება.

ფოტო: NASA

უნდა აღინიშნოს, რომ უცხოპლანეტელი "მეგობარი" აპარატს მოძრაობაში ხელს არ უშლის. მან იეზეროს კრატერში ასე უკვე 8.5 კილომეტრზე მეტი მანძილი გაიარა. მათი გზები მაშინ გადაიკვეთა, როცა მავალი Máaz-ის სახელით ცნობილ არეალს იკვლევდა. შემდეგ მან ჩრდილოეთით გადაინაცვლა ადგილზე, სადაც პირველად დაეშვა. მომდევნო გაჩერება დასავლეთით მდებარე, Kodiak-ად წოდებული რეგიონი იყო, ბოლოს კი ჯერი უძველესი მდინარის დელტაზე მიდგა.

ფოტო: NASA

შეგახსენებთ, რომ იეზეროს კრატერში ადრე ტბა იყო, ამიტომ იქ განლაგებული ქანების შემადგენლობის გამოკვლევა სამეცნიერო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. პერსევერანსი იქ ნიმუშებსაც აგროვებს, რომლებსაც შესასწავლად დედამიწაზე ჩამოვიტანთ.

რაც შეეხება მარსმავლის თანამგზავრს, თუ ის ოდესმე ბორბლიდან გადმოვარდება, თავს სულ სხვა გარემოში ამოყოფს და შეიძლება მომავალში გეოლოგების დაბნეულობაც გამოიწვიოს. ასევე, გეტყვით, რომ ეს მსგავსი "მეგობრობის" პირველი პრეცედენტი არაა. ამგვარი რამ NASA-ს სხვა აპარატების, სფირითისა და ქურიოსითის შემთხვევაშიც დაფიქსირდა, მაგრამ ქვა ამდენ ხანს არცერთ მათგანს დამგზავრებია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.