საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სასამართლომ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერად მიიჩნია და სამაუწყებლო კომპანიას მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა დააკისრა.

ამასთან ორგანიზაციის განცხადებით, მოსარჩლეს სამაუწყებლო კომპანიის სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის მიზეზით, რაც ჟურნალისტის ახლადშექმნილ სამაუწყებლო კომპანიაში, მთავარ არხში მუშაობის გაგრძელებას გულისხმობდა.

"ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკავშირდებოდა მაუწყებელში მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ მთელ რიგ საკადრო ცვლილებებს. რუსთავი 2-ში, არხის ახალმა მენეჯმენტმა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის სხვა თანამშრომლების მიმართაც მიიღო და ეს გადაწყვეტილება ახსნა ინტერესთა კონფლიქტით.

მოსარჩელე, სხვა ცნობილ ჟურნალისტებთან ერთად გახდა დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ მისი და სხვა კოლეგების სამაგალითო დასჯა ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსიდან და მისი კრიტიკული ხასიათიდან გამომდინარე", — აცხადებენ ისინი.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათთვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისას გაჟღერებული პოზიციები მიუღებელია და აპირებენ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო წესით.