ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი და კომიკოსი რებელ უილსონი დაქამინგაუთდა. უილსონმა, რომელსაც ბევრი Pitch Perfect-სა და მის გაგრძელებებში მონაწილეობით იცნობს, პრაიდის თვის აღსანიშნავად ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და თავისი პარტნიორის ვინაობაც გაამხილა — იგი სამოსის ბრენდის დამფუძნებელი რამონა აგრუმაა.

"მეგონა, დისნეის პრინცს ვეძებდი... თუმცა, იქნებ მთელი ეს დრო მხოლოდ დისნეის პრინცესა მჭირდებოდა", — წერს უილსონი ინსტაგრამპოსტში ჰეშტეგით #loveislove ("სიყვარული სიყვარულია").

მიუხედავად იმისა, რომ 42 წლის მსახიობმა თავის სექსუალობაზე ღიად პირველად განაცხადა, წყვილი ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდებოდა საჯაროდ. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, ოსკარის დაჯილდოების შემდეგ გამართულ წვეულებაზე უილსონი და აგრუმა ერთად მივიდნენ.

ფოტო: Arturo Holmes / FilmMagic / Getty Images

ფოტო: Alex Goodlett / Getty Images / Operation Smile

პრაიდის თვე, რომელიც ტრადიციულად ივნისში აღინიშნება, ინსტაგრამზე თავიანთ გამომწერებს მიულოცეს სხვა ცნობილმა ადამიანებმაც. მოდელმა კარა დელევინმა ხალხს შეახსენა, საკუთარი თავით იამაყონ, მსახიობმა ჯესიკა ჩესტეინმა კი ფერადი აქსესუარით გადაღებული ფოტოთი მოგვილოცა პრაიდის თვე.