ადვოკატი კამილა ვასკესი, რომელიც ჯონი დეპს ამბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე იცავდა, საზოგადოებაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა. ადვოკატის თქმით, უკვე დიდი ხანია, მისი და ჯონი დეპის რომანის შესახებ ჭორებს ისმენს, რაც 100%-ით მცდარი ინფორმაციაა.

"ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ ქალი ვარ, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი გამოცემა ჩემი და ჯონი დეპის რომანის შესახებ ჭორებს ავრცელებს. დეპი ჩემი მეგობარია, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ და მის ინტერესებს უკვე ოთხ წელზე მეტია, რაც ვიცავ. მასთან ურთიერთობა ჩემი მხრიდან არასდროს ყოფილა არაპროფესიონალური და გულდასაწყვეტია, როცა ამას მედიისგან ვისმენ", — ამბობს კამილა ვასკესი.

ფოტო: Getty Images

შეგახსენებთ ვასკესი საზოგადოებისთვის ცნობადი სახე ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის ექვსკვირიანი სასამართლო პროცესის დრო გახდა, რომელიც პირდაპირ ეთერში სხვადასხვა მედიის საშუალებით გადაიცემოდა. ჯონი დეპმა კი ამბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლო მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ამბერ ჰერდს $10,4 მილიონის გადახდა დააკისრა, ხოლო ჯონი დეპს ამბერ ჰერდისთვის ზარალის ასანაზღაურებლად კი $2 მილიონის გადახდა დაევალა.

ვასკესის თქმით, თავის ყველა კლიენტზე განსაკუთრებულად ზრუნავს და ამაში მთელი გუნდიც ჩართულია. ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს. რაც შეეხება ჯონი დეპთან ჩახუტებას, რაც მედიისთვის განხილვის თემა იყო, ადვოკატის თქმით, "ბევრ ადამიანს ეხუტება და ამის საერთოდ არ რცხვენია".

ფოტო: Getty Images

"ეს ბრალდებები არაეთიკური და სექსისტურია. ჭორები სამწუხარო და გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს საქმეს თან ახლავს. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ გაკვირვებული ვარ", — დასძინა ვასკესმა.

ადვოკატმა მედიასთან ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ მას პარტნიორი უკვე ჰყავს, რომელთან ურთიერთობითაც ძალიან ბედნიერია. ვასკესმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი კლიენტთან რომანი მისთვის არაეთიკურია.