ევროპარლამენტარი ვიოლა ფორნ კარმონი აცხადებს, რომ ევროკავშირის სამიტამდე ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო იმისათვის, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ.

"ჩვენ მივიღეთ საეტაპო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ევროკავშირის სამიტამდე ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დაიწყონ მდგომარეობის გაუმჯობესება. შეწყვიტეთ პოლარიზაციის ენა, თავიდან შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლოს გამოსწორება, შეწყვიტეთ რუსული დეზინფორმაცია", — წერს კრამონი.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 218 იყო.

გუშინ, 8 ივნისს ევროპარლამენტში ამ საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულად შეაფასეს და შეშფოთება გამოხატეს მთავრობის დამოკიდებულებებზე, რაც რეზოლუციაში დაწვრილებით აისახა.

ტექსტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას და მის კრემლთან ურთიერთობას ეხება. რეზოლუცია საქართველოს მთავრობას ზოგადი პრინციპებისა და მოვალეობების დაცვისკენ მოუწოდებს, ამასთანავე მასში განხილულია კონკრეტული საკითხები, რაზეც ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს, როგორიცაა 5 ივლისის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები.