მოდი, გამოვიცნობ: უამრავი საქმე გაქვს გასაკეთებელი, მაგრამ სოციალურ ქსელში ძრომიალისას სიზარმაცის შესახებ სტატიას გადააწყდი? იმედი გაქვს, რომ ბოლოსდაბოლოს გაიგებ, რატომ ვერ აბამ თავს ვერაფერს? ან უბრალოდ ამ სტატიის კითხვით გინდა, დრო გაწელო, სანამ საქმეს შეუდგები?

თუ შენი პასუხი "კი" არის, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი.

სიზარმაცე, ალბათ, უამრავი ადამიანისთვის ნაცნობი შეგრძნებაა, ზოგისთვის კი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა, ეს ბევრ რამეში გვიშლის ხელს და სამსახურებრივ თუ ყოფით ცხოვრებას ბრძოლის ველად აქცევს. ერთი შეხედვით, უქმად ყოფნის ასეთი მძლავრი სურვილი თავად ინდივიდისა და საზოგადოების მიერაც უარყოფითად აღიქმება, მაგრამ სინამდვილეში, საქმე ასე მარტივად არაა.
ისევე, როგორც ყველაფერს, სიზარმაცესაც აქვს მიზეზები, რომლებიც ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ფაქტორებს აერთიანებს. ეს ნიშნავს, რომ ამას ადამიანის გენეტიკურ თუ მენტალურ საფუძვლებამდე მივყავართ, რასაც თქვენთან ერთად ჩავუღრმავდები და ვეცდები, აღნიშნული პრობლემა სულ სხვა კუთხით დაგანახო.

სიზარმაცის ფსიქოლოგიური საფუძვლები

ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანი საკმაოდ რთული არსებაა. აქედან გამომდინარე, სიზარმაცეზე საუბრისას მისი განმაპირობებელი მხოლოდ ერთი მიზეზით ვერ შემოვიფარგლებით, რადგან ეს უკანასკნელი სწორედ ისეთი მრავალმხრივია, როგორიც თავად ჩვენ.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზოგი სპეციალისტი მსგავს თვისებას შიშთან აკავშირებს. ანუ, ამა თუ იმ საქმიანობისგან თავის არიდების უკან შესაძლოა, სხვადასხვა რამის შიში იმალებოდეს. მაგალითად:

  • იმის, რომ კონკრეტულ საქმეს თქვენგან ზედმეტად ბევრი ენერგია და ჩართულობა სჭირდება.
  • დაღლის.
  • რაიმეს დაწყების.
  • რაიმეს დამთავრების.
  • შუა გზაში გაჩერების.
  • მობეზრების.
  • მარცხის.
  • სხვა, მეტად საინტერესო რამის გამოტოვების.

ფოტო: medium

ეს, გარკვეულწილად, უიმედობასთანაც იკვეთება, რომელიც ადრე განცდილი წარუმატებლობითაა პროვოცირებული. ადამიანს აღარ სურს, იგივე, უარყოფითი გამოცდილება მიიღოს და მისთვის ყველაზე ოპტიმალურ გზას ირჩევს — უმოქმედობას, რადგან თუ არ ცდი, ვერც წააგებ. მეორე მხრივ, შესაძლოა, მიზანი იმდენად მასშტაბური და ამბიციური იყოს, რომ საკუთარ ძალებში ეჭვი შეიტანოთ და დანებდეთ.

მორიგი პოტენციური მიზეზი მოტივაციის არქონა ან ნაკლებობაა. ადამიანისთვის ძალიან ძნელია, დიდი რესურსი ჩადოს იმაში, რის დადებით შედეგსაც ახლო მომავალში ვერ იგემებს ან შესაძლოა, მიზეზი და შედეგი იმდენად არათანაბარი იყოს, რომ ეს უკანასკნელი კომფორტის ზონიდან გამოსვლად არც უღირდეს.

წარმოიდგინეთ, რომ მზისგულზე უსწორმასწორო ბილიკს მიუყვებით, თანაც ისე, რომ არ იცით, სადაა საბოლოო დანიშნულების ადგილი. ამასთან შედარებით, საწოლში ნებივრობის, საყვარელი ტელეგადაცემების, შოუებისა თუ სერიალების ყურების ან ნებისმიერი სხვა გასართობის თანმდევი სიამოვნება, როგორც ერთგვარი ჯილდო, დაუყოვნებლივ გადმოგვეცემა, ანუ დანიშნულების ადგილი ძალიან ახლოსაა, იქამდე მისასვლელი გზა კი, მხატვრულად რომ ვთქვათ, ვარდებითაა მოფენილი.

მოტივაცია ასევე მჭიდროდაა გადაჯაჭვული საქმის სიყვარულთან. თუ ისეთ საქმეს აკეთებთ, რომელიც არ გაინტერესებთ, სამუშაოს შესრულების მიზანს ვერ ხედავთ ან მასთან დაკავშირებული რუტინა თქვენთვის უკვე გაუსაძლისია, სცენაზე მისი უდიდებულესობა სიზარმაცე შემოდის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიზარმაცე ზოგჯერ მენტალური დაავადებითაცაა გამოწვეული. თუ ადგილიდან დაძვრისა და რაიმე აქტივობაში ჩაბმის სურვილი დიდი ხნით გეკარგებათ, ამისთვის ძალას ვერ პოულობთ, განწყობა გეცვლებათ და საკუთარ თავში იკეტებით, საქმე, სავარაუდოდ სხვა პრობლემასთან გაქვთ, როგორიცაა დეპრესია, ADHD და ა.შ., აღსანიშნავია, რომ მკვეთრი ზღვრის გავლება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

თუმცა, სტატიის ამ ნაწილს სასიამოვნო ინფორმაციით დავასრულებ და გეტყვით, რომ სიზარმაცეს თავისი უპირატესობაც გააჩნია. უფრო ზუსტად, ასეთი ადამიანები ინოვაციურობით გამოირჩევიან. დიახ, არ მოგესმათ. საქმე იმაშია, რომ "ზარმაცი" ინდივიდები პრობლემის გადაჭრის მარტივ და სწრაფ გზებს პოულობენ. ასევე, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც ფიზიკურად პასიურები არიან, უფრო მაღალი IQ აქვთ, ფიზიკური აქტივობები მალე ჰბეზრდებათ და ურჩევნიათ, ეს დრო ფიქრს დაუთმონ, ანუ ინტელექტუალური ენერგია დახარჯონ. ფსიქოლოგები ამას "შემეცნებისკენ სწრაფვას" უწოდებენ.

ფოტო: freepik

სიზარმაცის ფიზიოლოგიური საფუძვლები

მოგეხსენებათ, ადამიანის ქცევებს მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორები არ განსაზღვრავს, რადგან ეს ჩვენს სხეულზეცაა დამოკიდებული. ის ერთგვარი მექანიზმია, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს ისე, რომ ამ შინაგანი პროცესების გაკონტროლება არ გვჭირდება.

პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ სხეული ყველანაირად ცდილობს, თავი კარგად გვაგრძნობინოს. როცა მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებთ, როგორიც ჭამა ან სექსია, ორგანიზმში დოფამინი გამოიყოფა და სასიამოვნო შეგრძნებებით "გვაჯილდოებს", კმაყოფილებას გვგვრის. ევოლუციური თვალსაზრისით, ჩვენი წინაპრებისთვის ყველაფერი შედარებით მარტივად იყო, რადგან დახარჯული რესურსის შედეგს მოკლე პერიოდშივე იღებდნენ. სურვილი მათთვის ქმედებას ნიშნავდა, ქმედება კი — ჯილდოს.

რა თქმა უნდა, დღესდღეობით სხვაგვარი სიტუაციაა. ადამიანს ამ ჯილდოს მისაღებად უკვე დაგეგმვა, წინასწარ გათვლა, დიდხანს ლოდინი და მზადება სჭირდება, რაც დამღლელია და ბევრი რესურსიც მიაქვს.

ფაქტობრივად, გადარჩენისკენ სწრაფვა სტრატეგიულ აქტივობაში გადაიზარდა. რას გავცემთ სანაცვლოდ? — ენერგიას, ერთ-ერთ ყველაზე ძვირფასს, რაც გაგვაჩნია. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ენერგიის დასაზოგად ყველაფერს აკეთებს, რასაც რამდენიმე წლის წინანდელი კვლევაც მოწმობს. მეცნიერებმა მოხალისეებს ფეხებზე სამაგრები გაუკეთეს, რომელთა გამოც სიარულს მეტი ძალისხმევა სჭირდებოდა. მალევე, ცდისპირებმა მოძრაობები ისე შეცვალეს, რომ გადაადგილებას ნაკლები ენერგია წაეღო, თუნდაც უმნიშვნელო სხვაობით.

ამ კუთხით თუ შევხედავთ, სიზარმაცე სრულიად ლოგიკურად მოგვეჩვენება, რადგან რთულია, შორეული შედეგისკენ ყოველთვის ამხელა დანახარჯითა და არაპირდაპირი გზებით დაუღალავად, შემართებით ვიაროთ. ეს ჩვენს ფიზიოლოგიურ საწყისებს უბრალოდ არ შეესაბამება, მაგრამ არსებობენ ინდივიდები, რომლებიც სხვებზე მეტად არიან მომავალზე ორიენტირებულნი და მუდმივად მიზნისკენ ისწრაფვიან.

ფოტო: artstation

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სიზარმაცე, ან სხვაგვარად, პასიურობა, მხოლოდ ადამიანებში არ გვხვდება (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამის დამატებითი საბაბები გვაქვს). მსგავსი რამ ცხოველთა სამეფოში იშვიათი ნამდვილად არაა, ეს განსაკუთრებით გამოვლენილია ხერხემლიანებში. მეტიც, ძალიან ბევრი სახეობის წარმომადგენელი დროის უდიდეს ნაწილს (75% ლომები, 85% კოლიბრები) სწორედ უქმად ყოფნაში ატარებს. გამონაკლისი არც სოციალური მწერების კოლონიებია. შეუძლებელია, არ ვახსენოთ ცხოველი ზარმაცაც, რომლის სახელიც უკვე ყველაფერზე მეტყველებს. სინამდვილეში, ეს საოცარი და ძალიან ნელი არსებები ასევე ენერგიას უფრთხილდებიან, რაც იდეალურად გამოსდით.

არც ისაა გამორიცხული, რომ სიზარმაცე ჩვენი გენეტიკის ნაწილი იყოს. ასეთი ვარაუდის საფუძველს თაგვების 2 ჯგუფზე ჩატარებული ექსპერიმენტი იძლევა. მღრღნელებს, რომლებიც ბორბალზე ხშირად დარბოდნენ, მეორე ჯგუფთან შედარებით, 75%-ით უფრო აქტიური შთამომავლები ეყოლათ. ეს თვისება მე-10 და 16-ე თაობაშიც კი დაფიქსირდა. ასე რომ, ვინ იცის, იქნებ, ზოგიერთ ჩვენგანს სიზარმაცე მართლაც გენეტიკურად ერგო.

სიზარმაცე და ზაფხული

ზაფხულობით სიზარმაცის "ეპიდემიური აფეთქებები", ალბათ, ბევრ ადამიანს გამოუცდია. ამ დროს უმარტივესი საქმის შესრულებასაც კი უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ეს ამინდზეა დამოკიდებული.

2012 წელს მეცნიერებმა იაპონიის ბანკში მომუშავე ადამიანებზე ჩაატარეს კვლევა, რომლის თანახმადაც, თანამშრომელთა პროდუქტიულობა ცუდ ამინდში იზრდებოდა, კარგში კი მცირდებოდა. მიზეზის დასადგენად მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სამუშაოს შესრულებამდე მზიანი მიდამოს ამსახველი სასიამოვნო სურათები ეჩვენებინათ ან სთხოვდნენ, თავიანთი ყოველდღიური რუტინის შესახებ მოეყოლათ. აღმოჩნდა, რომ პირველ ჯგუფს ფოტოების ნახვის შემდეგ საქმეზე კონცენტრირება გაუჭირდა, რადგან ფიქრობდნენ, ამის ნაცვლად რისი გაკეთება შეეძლოთ (პიკნიკზე წასვლა, ნავით გასეირნება და სხვა).

როგორც ჩანს, ზაფხულში თავად ფიქრის პროცესიც იცვლება, რასაც ისევ და ისევ სტუდენტების მაგალითზე ვიგებთ. კერძოდ, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კარგ ამინდში გამოკითხულთათვის სუსტი არგუმენტის მოყვანაც კმაროდა, რათა რაიმეში დაერწმუნებინათ, წვიმიან ან ღრუბლიან ამინდში კი ისინი მეტად კრიტიკულები იყვნენ და საკითხის სიღრმისეულად გაანალიზებას არ ზარდებოდნენ.

ფოტო: pinimg

ცხელ დღეებში ყურადღების მოკრება ძნელდება და ენერგიაც მცირდება. სამაგიეროდ, იმატებს ძილიანობა. ძალიან მაღალ ტემპერატურას შეუძლია, ბედნიერების დონეზეც კი იქონიოს გავლენა, მაგრამ, როგორც წესი, სითბო პირიქით მოქმედებს, მთავარია, ის ზომიერი იყოს. სხვა თუ არაფერი, ეს საუკეთესო სეზონია ნაყინის მისართმევად.

დაბოლოს, მას შემდეგ, რაც გავიგეთ, როგორი მრავალმხრივია სიზარმაცე, ისმის კითხვა: რა მოვიმოქმედოთ მის დასამარცხებლად?

თუ სტატიის ამ ნაწილამდე მოაღწიეთ და კითხვა შუა გზაში არ შეწყვიტეთ, იმედი ჯერ კიდევ არსებობს. რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ:

  • რეალისტური მიზნები დაისახეთ.
  • თქვენი ძლიერი მხარე მაქსიმალურად გამოიყენეთ.
  • საკუთარი თავი დაასაჩუქრეთ.
  • ყველანაირად ეცადეთ, მოტივაცია აიმაღლოთ.
  • აკეთეთ საქმე, რომელიც გიყვართ.
  • შედეგზე კონცენტრირდით.

პ.ს. მიხარია, რომ ამ სტატიის წერა, როგორც იქნა, დავასრულე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.