საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ბორჯომის გაფიცული თანამშრომლებისგან დისკრიმინაციის მაგალითები და გამოცდილება მოისმინა. ომბუდსმენის თქმით, კომპანია ადამიანებს იმის მიხედვით არ უხდის, ვის რა როლი აქვს ამ გაფიცვაში.

"ადამიანებს, რომლებსაც ეკუთვნით შრომის ანაზღაურება, კომპანია არ უხდის იმის მიხედვით, თუ ვის რა როლი აქვს, აი, ამ გაფიცვაში. ანუ, ნაწილს აუნაზღაურა შესრულებული სამუშაო იმის გამო, რომ ვთქვათ, მათ მოაწერეს გარკვეულ კონტრაქტებს ხელი, მაგრამ ისინი, ვინც არიან პროტესტში აქტიურად ჩართულები ან არ მოაწერეს ხელი შემოთავაზებულ კონტრაქტს, რაც მათ შრომით პირობებს აუარესებს, მათ არ უნაზღაურდებათ. საუბარი არ არის დღეს გაფიცვის დროს ხელფასზე, უკვე შესრულებულ სამუშაოს ანაზღაურებას არ აძლევს კომპანია", — თქვა მან.

ომბუდსმენმა დღეს კომპანიის გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა ისიც, რომ ისინი ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე საუბრობენ. მისი თქმით, გაფიცულებს მხარდაჭერა გამოუცხადა და დაამატა, რომ ომბუდსმენი საკუთარი მანდატის ფარგლებში ეცდება, სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად შეისწავლოს.

"მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა აქვს დასაქმებულებს დამსაქმებლებთან და თითქოს, ერთი შეხედვით ეს არის რაღაც კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, იმდენად მასშტაბურია ეს პრობლემა და ეხება 400-მდე თანამშრომელს, რომ ვფიქრობ, ეს უკვე არის სახელმწიფოს პრობლემაც.

რეალურად, მე დღეს გავესაუბრე ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ კონტრაქტები, ამ კონტრაქტების იმედად, მათ შორის, გამოიტანეს სესხები, ამ კომპანიაში დასაქმება მათთვის არის შემოსავლის ერთადერთი წყარო და დღეს არიან სახსრების გარეშე დარჩენილები და ასევე, ფიქრობენ, რომ კრედიტების გადაუხდელობის გამო, შესაძლოა, დარჩნენ სახლ-კარის გარეშეც", — თქვა ლომჯარიამ.

ბორჯომის თანამშრომლები 31 მაისს უვადოდ გაიფიცნენ. 3 ივნისს თანამშრომლებმა ბორჯომის პირველი ქარხნის შესასვლელი გადაკეტეს. ისინი ცდილობდნენ სატვირთო ავტომობილებისთვის შენობიდან მარაგის გამოტანის შესაძლებლობა არ მიეცათ.

კომპანია ბორჯომმა 29 აპრილიდან სანქციების გამო ორივე ქარხანაში წარმოება დროებით შეაჩერა. 5 მაისს ბორჯომმა 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. კომპანიაში თქვეს, რომ შექმნილ ვითარებაში იძულებული გახდნენ დასაქმებულთა ხელშეკრულებაში ცვლილება შეეტანათ, რაზეც თანამშრომელთა ნაწილი არ დათანხმდა.

19 მაისს ცნობილი გახდა, რომ IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. მათი თქმით, ეს ნაბიჯი მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.