ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეზოლუციას, რომელიც სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და ბიძინა ივანიშვილს ქართული დემოკრატიის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, ჩალის ფასი აქვს.

"რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების — სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქციერებას ითხოვს , არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს", — აცხადებს ის.

მისივე თქმით, იმედი აქვთ, რომ როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გახდებიან, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დახვდებათ.

"იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება . "ფეიკის" გავლენისგან დაცული და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი, რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით სუვერენულად მოქმედება შეეძლება.

მტკიცებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ", — ამბობს ის.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეც არის საუბარი. რეზოლუციას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა, 218 კი წინააღმდეგი იყო.