ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ტუჩები სახის დანარჩენი ნაწილებისაგან ძალიან განსხვავდება — ისინი მოწითალოა, მგრძნობიარე და სიმშრალისაკენ მიდრეკილი. სტატიაში ამის განმაპირობებელ ფაქტორებზე მოგითხრობთ.

მოელ კამერონს, ადამიანის ბიოლოგიის პროფესორს (ლოფბოროს უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო), თუ დავუჯერებთ, ტუჩის კანი სახის კანსა და პირის შიგნით არსებულ ლორწოვან გარსს შორის ერთგვარ ბარიერს წარმოქმნის. გამომდინარე იქიდან, რომ ლორწოვან გარსს ტვინის სენსორული ქერქის საკმაოდ დიდი არე წარმოადგენს, იგი ძალიან მგრძნობიარეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტუჩებში დაახლოებით ერთი მილიონი ნერვული დაბოლოება გვხვდება, ამიტომაც ისინი ძალიან ფაქიზია როგორც შეხების, ასევე ტემპერატურული და ტენიანობის ცვლილებების მიმართ.

საგულისხმოა, რომ ტუჩები კომუნიკაციის კუთხით, კერძოდ, ბილაბიალური (ბგერები, რომლებიც მხოლოდ ორივე ტუჩის გამოყენებით წარმოიქმნება) და ლაბიოდენტალური (ბგერები, რომლებიც ტუჩებისა და კბილების გამოყენებით წარმოიქმნება) ბგერების წარმოთქმისათვის ძალიან მნიშვნელოვანია — ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ მათი მოძრაობის გარეშე მ-ს, ბ-ს, პ-სა და მსგავსი სხვა ბგერების წარმოთქმა თითქმის შეუძლებელია.

ტუჩებს ესოდენ დელიკატური და ზუსტი მოძრაობების შესრულების საშუალებას ტუჩის აწევისათვის განკუთვნილი ხუთი და ქვემოთ მოძრაობისათვის განკუთვნილი ოთხი კუნთი ეხმარება.

კამერონის თქმით, ტუჩის კანი, რომელსაც სამი-ხუთი უჯრედული შრე აქვს, 16-ამდე შრის მქონე სახის კანთან შედარებით ძალიან თხელია. ღია ფერის შემთხვევაში ტუჩის კანი ნაკლებ მელანოციტს (მელანინის პიგმენტის წარმომქმნელი უჯრედები, რომლებიც კანს ფერს ანიჭებს) შეიცავს. ამის გამო ტუჩის კანქვეშ სისხლძარღვები ჩანს, რაც ტუჩების შესამჩნევ მოწითალო შეფერილობას განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ, რაც მუქია კანი, მით უფრო ნაკლებადაა ეფექტი შესამჩნევი, ვინაიდან ტუჩის კანი მეტ მელანინს შეიცავს და ვიზუალურად უფრო მუქია.

გასათვალისწინებელია, რომ ტუჩებსა და ადამიანის სახის სხვა ნაწილებს ერთმანეთისაგან სხვა ნიშნებიც განასხვავებს — ტუჩების კანი ძალიან თხელია; ცხიმისა და ოფლის დამცავი შრე კანს სიგლუვეს უნარჩუნებს, პათოგენებს აბრკოლებს და ტემპერატურას არეგულირებს, ხოლო, გამომდინარე იქიდან, რომ მას არც აქვს თმა აქვს და არც — საოფლე ჯირკვლები, იგი შედარებით ნაზია, მარტივად შრება და იქერცლება.

ფეხისა და ხელისგულების მსგავსად თმის ფოლიკულები ტუჩებსაც არ აქვს, რადგან სხეულის ეს ნაწილები ასე ბევრად ეფექტურია — თმიანი ხელებით საგნების დაჭერა ბევრად გართულდებოდა, თმიანი პირით კი ბგერების მკაფიოდ წარმოთქმა გაგვიჭირდებოდა.

მიუხედავად ყველა ამ პრაქტიკული დანიშნულებისა, ტუჩები ეროგენული ზონაცაა, რომელსაც კოცნისათვის იყენებენ. 2010 წელს ჟურნალ Perception-ში კვლევა გამოქვეყნდა, რომელშიც თეთრკანიან მონაწილეებს ტუჩის ფერისა და კონტრასტის შეცვლა შეეძლოთ ფოტოებში, რათა კონკრეტული თავისებურებები გამოეკვეთათ. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ისინი ფემინურობისა და მიმზიდველობის გასაძლიერებლად უმეტესად ტუჩის სიწითლეს ზრდიდნენ. მიუხედავად ამისა, კვლევა მაინც არ აზუსტებს იმას, არის თუ არა წითელი ფერი (ანდა წითელი ტუჩები) სექსუალური მიმზიდველობის ნიშანი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.