პირველ ივნისს ჯონი დეპმა ამბერ ჰერდის წინააღმდეგ ცილისწამების საქმე მოიგო. ჰერდს ყოფილი ქმრის სასარგებლოდ $10.4 მილიონის გადახდა დაევალა, თუმცა ამბერის ადვოკატის თქმით, ამის ფინანსური შესაძლებლობა მის კლიენტს არ აქვს.

ცოტა ხნის წინ Good Morning America-ში სტუმრად ჯონი დეპის ადვოკატები — კამილა ვასკესი და ბენჟამინ ჩიუ იყვნენ. მათ სასამართლოს გადაწყვეტილება და ზიანის ანაზღაურების საკითხი კიდევ ერთხელ განიხილეს.

"თქვენ თქვით, რომ თქვენი მიზანი ჰერდის გაღარიბება არ ყოფილა. შესაძლებელია, ვიხილოთ შეთანხმება, რომლითაც ჰერდი უარს იტყვის აპელაციაზე იმის სანაცვლოდ, რომ დეპი მას ზიანის ანაზღაურებას არ მოსთხოვს?" — ჰკითხა ადვოკატებს წამყვანმა.

"ცხადია, ადვოკატები კლიენტთან ურთიერთობის დეტალებს ვერ გავამხელთ, მაგრამ როგორც დეპმა ჩვენებაში თქვა და ჩვენც გავაჟღერეთ დასკვნით სიტყვაში, დეპს ფული არასდროს აინტერესებდა. მას მხოლოდ თავისი რეპუტაციის აღდგენა ადარდებდა და ეს მოახერხა კიდეც", — განაცხადა ჩიუმ.

აღსანიშნავია, რომ ამბერის ადვოკატის თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

წამყვანმა ადვოკატებს იმის შესახებაც ჰკითხა, თუ რა გავლენა მოახდინა სოციალურმა მედიამ ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ტიკტოკი სავსეა ვიდეოებით, რომლებშიც ადამიანები ამბერ ჰერდს დასცინიან, ადვოკატებმა სოციალური მედიის გავლენა უარყვეს — მათი თქმით, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანეს.

ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონი მოითხოვა. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბერს ტექსტში ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, თუმცა დეპის სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მისი კარიერა დაზიანდა და როლები დაკარგა