აშშ-ში 10 წლის გოგო მას შემდეგ დააკავეს, რაც იარაღის მეშვეობით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ქალს, რომელიც დედამისთან კამათობდა. დაშავებული ქალი ქალაქ ორლანდოს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

10 წლის გოგო დააკავეს და ფლორიდის ბავშვთა და ოჯახების დეპარტამენტის განყოფილებაში გადაიყვანეს, ასევე დაკავებულია ბავშვის დედაც.

"საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა ფაქტსა და გარემოებას განვიხილავთ ბავშვის ასაკის ჩათვლით. გვსურს, ნათლად განვაცხადოთ, რომ დაკავების გადაწყვეტილება ჩვენს ოფისს არ მიუღია. ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შემთხვევაა, რაც 22-წლიანი კარიერის განმავლობაში მინახავს", — აცხადებს შტატის პროკურორი.

მოწმეების თქმით, გასროლა 30 მაისის ღამეს მოხდა, როცა ბავშვის დედამ და მოკლულმა ქალმა საცხოვრებლის გარეთ კამათი დაიწყეს. კამათის დროს ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა, როცა ქალებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

მოკლული ქალის შეყვარებული ამბობს, რომ მათი გაშველება სცადა და ამ დროს ბავშვი დაინახა, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა. ბავშვმა ქალს დაუყვირა, რომ "მისი დედისთვის ხელი არ უნდა დაერტყა", შემდეგ კი ესროლა.

10 წლის გოგო და მისი დედა პატიმრობაში რჩებიან და როგორც პოლიცია აცხადებს, ამ ეტაპზე მათთვის საბოლოოდ ბრალი არ წაუყენებიათ, რადგან გამოძიება ისევ გრძელდება.