საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 568,2 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემს 4,3-ჯერ აღემატება. ანგარიშში წერია, რომ ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56% შეადგინა. რეინვესტიციაში კომპანიის მიერ მიღებული მოგების ინვესტიციაში ჩაბრუნება იგულისხმება.

ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ესპანეთი — 196,1 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34,5%-ს შეადგენს. თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ესპანურმა კომპანიამ, აქუალიამ 180 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რის სანაცვლოდაც კომპანია Georgian Water and Power-ის 80%-იანი წილი შეიძინა.

მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო — 87,2 მილიონი აშშ დოლარით (15,3%), ხოლო მესამეზე თურქეთი - 67,1 მილიონი აშშ დოლარით (11,8%).

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

  1. ესპანეთი — $196,1 მილიონი;
  2. გაერთიანებული სამეფო — $87,2 მილიონი;
  3. თურქეთი — $67,1 მილიონი;
  4. ჩინეთი — $36,4 მილიონი;
  5. ნიდერლანდები — $33,6 მილიონი;
  6. აშშ — $31,7 მილიონი;
  7. მარშალის კუნძულები — $18,3 მილიონი;
  8. მალტა — $10,2 მილიონი;
  9. გერმანია — $9,2 მილიონი;
  10. დანარჩენი ქვეყნები — $78,5 მილიონი.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41,6%-ია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი — 111,1 მილიონი დოლარით (19,5%), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81,3 მილიონი აშშ დოლარით (14,3%).