ჰაბლის ტელესკოპმა კოსმოსის უდიდესი სურათი გადაიღო, რომელიც გალაქტიკებს ახლო ინფრაწითელ სპექტრში გვიჩვენებს. ეს მოზაიკური გამოსახულება პროექტ 3D-DASH-ის შედეგია და ობსერვატორიაზე დამონტაჟებული ფართოკუთხოვანი კამერით აღბეჭდილი კადრებისგანაა შედგენილი.

კოსმოსის იმ არეალში, რომელსაც ახლახან გამოქვეყნებული სურათი ფარავს, დაახლოებით 6 სავსე მთვარე დაეტეოდა. ეს რეგიონი ათასობით გალაქტიკას აერთიანებს, სამიზნე ობიექტებს, რომლებიც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ შესასწავლადაც საინტერესოა. სწორედ მათი გამოვლენა იყო პროექტის მიზანი.

აღსანიშნავია, რომ ასეთი შედეგისთვის მონაცემების მოსაპოვებლად ჰაბლს 2 000-საათი დასჭირდებოდა, თუმცა სპეციალისტთა გუნდმა დროის 250 წუთამდე შესამცირებლად DASH-ის სახელით ცნობილი მეთოდი გამოიყენა. ეს იმას ნიშნავს, რომ კამერა რამდენიმე კადრს აღბეჭდავდა, რომელთა გაერთიანებითაც 8-ჯერ დიდი გამოსახულებები მიიღეს. დედამიწის გარშემო სრულ წრეზე თითოეული შემოვლისას ობსერვატორია 1-ის ნაცვლად, 8 ფოტოს იღებდა. მათმა რაოდენობამ ჯამში 1 256-ს მიაღწია.

ფოტო: Lamiya Mowla

სურათზე არსებული ინფრაწითელი ლაქები გალაქტიკებია. მათგან ყველაზე შორეული ობიექტები ისეთი ჩანს, როგორიც 10 მილიარდი წლის წინ იყო, სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპზე. ვარსკვლავების წარმომქმნელი რეგიონებიდან მომავალი სინათლის ტალღები დაგრძელებულია, რაც კოსმოსის გაფართოებითაა განპირობებული.

ჯეიმს ვები ამ ყველაფრის უფრო დეტალურად "დანახვას" შეძლებს. როგორც ცნობილია, მის მიერ გადაღებულ სამეცნიერო მნიშვნელობის პირველ სურათებს ივლისში ვიხილავთ. რაც შეეხება ზემოხსენებულ გამოსახულებას, მისი უკეთ დათვალიერება აქ შეგიძლიათ.

ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.