მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტარებს წერილი მისწერა, სადაც სთხოვს, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომლითაც ქართველი ხალხი არ დაისჯება. მისი თქმით, ცივილიზებული არჩევანი საზოგადოებას გაკეთებული აქვს და საქართველოს ადგილი მხოლოდ ევროპაშია.

"ძვირფასო და ნამდვილო მეგობრებო, ჩემი ქვეყნის მთავარო გულშემატკივრებო, საქართველოს ისტროიული სამშობლოს, ევროპის ღირსეულო შვილებო, მოგმართავთ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების 212-ე საკნიდან. მოგმართავთ ჩემი, ჩემი მეუღლის — სოფიას, ჩემი შვილების — სანდროს, ქეთევანის და გიკოს სახეელით. მოგმართავთ ჩემი მეორე ოჯახის — მთავარი არხის სახელით, მოგმართავთ ჩემი სამშობლოს ყველა გულმხურვალე პატრიოტის სახელით. მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, რომ მიიღოთ იმგვარი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაისჯება ჩემი ხალხი — ამაყი და თავისუფალი ქართველები. ცივილიზაციური არჩევანი ჩვენ გაკეთებული გვაქვს — ჩვენი ადგილი მხოლოდ ევროპაშია, იქ, სადაც ინახება ჩვენი უძველესი და საკაცობრიო სიმბოლო — ოქროს საწმისი.

როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება, თქვენ უკვეთ იცით. მე მხოლოდ ის მინდა გთხოვოთ, რომ საქართველოს ხალხს არ დაეკეტოს გზა ევროპისკენ. არ დაეკეტოს, რადგან ალტერნატივა მხოლოდ რუსეთია. ეს ალტერნატივა კი დამღუპველი იქნება ჩვენთვის და დაასრულებს დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიას", — წერს ის.

წერილში გვარამია ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენონ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად.

წერილის ადრესატები არიან:

  • რობერტა მეცოლა;
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი;
  • შარლ მიშელი;
  • ანდრიუს კუბილიუსი;
  • ანა ფოტიგა;
  • მარკეტა გრეგოროვა;
  • მაიკლ გალერი;
  • პეტრას აუსტრევიჩუსი;
  • რასა იუკნევიჩიენე;
  • რაფაელ გლუკსმანი;
  • სვენ მიკსერი;
  • ვიოლა ფონ კრამონი.