მსოფლიო ბანკი საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3 პროცენტული პუნქტით 5,5%-მდე ზრდის. ამით ბანკი რამდენიმე თვის წინანდელ პროგნოზს უბრუნდება.

ბანკი ანგარიშში წერს, რომ მაისის ჩათვლით, ქვეყანაში ტურიზმის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 5%-ით, ხოლო 2024 წელს 5,5%-ით გაიზრდება.

"საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 5,5%-მდე გაიზარდა მარტში ნავარაუდევი 2,5%-დან.

ამ სიმტკიცეს განაპირობებს მომსახურების სექტორის, კერძოდ ტურიზმის გააქტიურება, სადაც მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა", — წერია ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ინფლაციის წნეხი იზრდება. მათივე თქმით, მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომლის ზრდის 74 პროცენტი გამოწვეულია სურსათზე და საწვავზე ფასების მატებით.

მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2,6%-ით გაიზარდა. ამასთან, 2022 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში 10,8%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-ია.

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრამ მსოფლიო ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს გლობალური ეკონომიკა 2,9%-ით გაიზრდება. ბანკის შეფასებით, წელს რუსეთის ეკონომიკა 8,9%-ით, ხოლო უკრაინის — 45,1%-ით შემცირდება.