პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს მომავალი წყდება და ის ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან იტალიაში ვიზიტის დროს ისაუბრა.

"დღევანდელ დღეს საქართველოსთვის ცოტა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, შეიძლება, მომავალ კვირას, შეიძლება, ხვალვე, არ ვიცით ზუსტად როდის. წყდება ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს რომელ ელჩს, ადგილას და როდის.

ამ ყველაფერზე მე უთუოდ გავაკეთებ კომენტარებს, მაგრამ ამის დრო მოვა, როცა ვიქნები თბილისში და არა მაშინ, როცა ვიმყოფები ევროპის გულში, ჩვენთვის ევროპის გზაზე გადამწყვეტ მომენტში. თუ ეს გზა გვინდა, ამ გზაზე მყარად უნდა ვიდგეთ და სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობდეთ", — განაცხადა მან.

მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე აცხადებს, პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნასა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. შესაბამისად, მისი თქმით, მთავრობა ითხოვს განმარტებას ინსტიტუციებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე.