ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირს მიმართავს და წერს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი "ახლა და ორჭოფობის გარეშე" უნდა მიენიჭოს. ექსპრეზიდენტის განცხადებით, მის ორივე სამშობლოს, უკრაინასა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შანსი აქვთ.

"ჩემი უშუალო ხელმძღვანელი პრეზიდენტი ზელენსკი სრულად იმსახურებს ამას, მაგრამ საქართველოს შემთხვევაშიც, კანდიდატის სტატუსი უნდა იქნას მინიჭებული ახლა და ორჭოფობის გარეშე, რადგან ეს სტატუსი იქნება ტრანსფორმაციული ძალა და ინსტრუმენტი ცვლილებებისთვის. ჩვენ კი გვჭირდება ცვლილებები.

გთხოვთ, ნუ დაგვტოვებთ პოსტ-საბჭოთა ჭაობში და სიბნელეში რკინის ფარდის მეორე მხარეს. ახლა არ არის დეტალების დრო, თუნდაც ეს მოიცავდეს ჩემს ტყვეობას და ჩემი ჯანმრთელობის საფრთხეს. ეს უკანასკნელი არაფერია იმ უდიდეს ისტორიულ გამოწვევასთან და პირობასთან შედარებით, რომელსაც მივუძღვენი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება", — წერს სააკაშვილი.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს გააკეთა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, 10 მაისს კი კითხვარის ორივე ნაწილი დაასრულა და ევროკავშირს გაუგზავნა.

საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ პასუხს უახლოეს კვირებში ელოდება.