ბრედ პიტის მტკიცებით, ანჯელინა ჯოლი განზრახ ცდილობდა მისთვის ზიანის მიყენებას, როცა ღვინის კომპანია, სახელად Château Miraval, ყოფილი ქმრის კონკურენტ ინვესტორს მიჰყიდა. პიტმა და ჯოლიმ ღვინის კომპანიის აქციები 2008 წელს შეიძინეს და 6 წლის შემდეგ სწორედ იქ იქორწინეს. პიტის თქმით, ყოფილ ცოლთან შეთანხმებული იყო, რომ თავიანთ აქციებს ერთმანეთის ნებართვის გარეშე არ გაყიდდნენ.

ბრედ პიტმა ლოს-ანჯელესის სასამართლოში თავის ყოფილ ცოლს უკვე უჩივლა, რადგან ანჯელინა ჯოლიმ საკუთარი წილი მასთან შეთანხმების გარეშე გაყიდა. შეგახსენებთ, რომ განქორწინების შემდეგ ანჯელინა ჯოლიმ ღვინის კომპანიიდან საკუთარი წილი 164 მილიონ დოლარად გაყიდა.

ფოტო: Getty Images

პიტის თქმით, ანჯელინამ მათი საერთო ღვინის კომპანიიდან წილი რუს ოლიგარქ იური შეფლერს მიჰყიდა. მსახიობის აზრით, შეფლერს სურს მთელ კომპანიაზე აიღოს კონტროლი, რადგან ის ღვინის ბიზნესში საკმაოდ აქტიურადაა ჩართული.

ბრედ პიტის სარჩელში ნათქვამია, რომ ჯოლიმ მიზანმიმართულად გაყიდა ღვინის კომპანიიდან საკუთარი წილი მალულად და პიტთან დადებული სახელშეკრულებო უფლებები შეგნებულად დაარღვია. სწორედ ამის გამო ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის ზიანის განზრახ მიყენებაში ადანაშაულებს.

ღვინის საწარმო საფრანგეთის სოფელ კორენსში მდებარეობს და წყვილმა ის დაახლოებით 28 მილიონ ევროდ შეიძინა. 2016 წელს წყვილი განქორწინდა, მაგრამ ღვინის საწარმო საერთო ქონებად რჩებოდა, რომლის ყიდვისას პიტმა 60% გადაიხადა, ხოლო ანჯელინამ 40%.