საქართველოს პროკურატურის ცნობით, დავით ბერძენიშვილზე თავდამსხმელს ბრალი პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მის მიმართ ძალადობით განხორციელებული დევნის მუხლით წარუდგინეს.

უწყების განცხადებით, ბრალდებულმა დავით ბერძენიშვილის მიმართ მისი პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, განახორციელა დევნა ჩადენილი ძალადობით.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით წარედგინა. უწყების თქმით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გუშინ, 6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თქვა — "შენ და შენი ძმა, ჩვენს წმინდას როგორ აგინებთ".

თავდასხმიდან მეორე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე თქვა, თითქოს ხორციელდება "შეტევა ეროვნულ იდენტობაზე". მისი აზრით, ძმებ ბერძენიშვილებს აქვთ "ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ".

ამავე თემაზე: