4 ივნისს კიანუ რივზი ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე პარტნიორთან, ალექსანდრა გრანტთან ერთად გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის ურთიერთობის შესახებ საზოგადოებამ ჯერ კიდევ 2019 წელს შეიტყო, კიანუ და ალექსანდრა ერთად საჯაროდ ძალიან იშვიათად ჩნდებიან.

49 წლის ალექსანდრა გრანტი ხელოვანია, რომელიც ერთდროულადაა დაინტერესებული ხატვით, ფოტოგრაფიითა და კინოთი. კიანუ რივზს მასთან საკმაოდ დიდხნიანი მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს: გრანტმა გააფორმა რივზის ორი წიგნი თავისი ილუსტრაციებით — Ode to Happiness და Shadows, რომლებიც მსახიობმა 2011 და 2016 წლებში გამოაქვეყნა.

2020 წელს ალექსანდრას მეგობარმა გამოცემა Page Six-ს უთხრა, რომ კიანუ და ალექსანდრა ერთმანეთს იმაზე დიდხანს ხვდებოდნენ, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა.

შარშან კიანუ რივზმა იხუმრა, რომ ფილმ Bram Stoker's Dracula-ში ქორწინების ცერემონია ნამდვილმა მღვდელმა ჩაატარა, ამიტომ ღმერთის თვალში ის და ვაინონა რაიდერი მართლაც დაქორწინებული იყვნენ. ვინ იცის, იქნებ ამჯერად კიანუ რეალურ ცხოვრებაში დაქორწინდეს?!