საკუთარ თავზე დაქორწინება, ან სოლოგამია, როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ, დასავლეთში სულ უფრო პოპულარული ხდება. ცოტა ხნის წინ კი საკუთარ თავზე დაქორწინების სურვილი 24 წლის ინდოელმა ქალმა, ქშამა ბინდუმაც გამოთქვა. ის საკუთარ გადაწყვეტილებასა და მიზეზებზე BBC-ს გაესაუბრა.

ქშამა ტრადიციულ ინდურ ქორწინებას გეგმავს. ქორწილს ერთადერთი ტრადიციული ელემენტი დააკლდება — ქშამას პარტნიორი. ქალის თქმით, სოლოგამია საკუთარი თავის მიმღებლობისა და სიყვარულის სიმბოლოა. ქშამა აპირებს, ამ გზით მთელი თავისი ცხოვრება და ძალისხმევა საკუთარი თავის გაბედნიერებასა და განვითარებას მოახმაროს.

"საკუთარ თავზე ქორწინება იმის მზაობაა, რომ მუდამ საკუთარ თავთან იყო და ისეთი ცხოვრება აირჩიო, რომელიც დაგეხმარება, რომ ცოცხალი, მშვენიერი და უზომოდ ბედნიერი ადამიანი გახდე. ეს ჩემი გზაა იმის საჩვენებლად, რომ საკუთარი თავის განსხვავებულ ნაწილებს ვიღებ, განსაკუთრებით კი იმ ნაწილებს, რომელთაც უარვყოფდი და არ მინდოდა, როგორებიცაა, სისუსტეები — ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ ემოციური. ჩემთვის ეს ქორწინება საკუთარი თავის მიმღებლობის სიმბოლოა. იმის თქმა მინდა, რომ ჩემს თავს ვიღებ — ყოველთვის და ყველა იმ ნაწილით, რომელიც ლამაზი არაა", — ამბობს ის.

ქშამას თქმით, ოჯახს მისი გადაწყვეტილება თავდაპირველად ეუცნაურა, თუმცა საბოლოოდ შვილს მხარი მაინც დაუჭირეს, რადგან მისი ბედნიერება სურთ.

ქშამას გადაწყვეტილებას გაკვირვებული ადამიანების გარდა უამრავი კრიტიკოსიც გამოუჩნდა. საზოგადოების ნაწილი მას "ნარცისს" უწოდებს, სხვებს კი ვერ გაუგიათ, რა საჭიროა ქორწინება პარტნიორის არარსებობის შემთხვევაში. ქშამა კრიტიკასა და გაოცებს ასე პასუხობს:

"მე ვწყვეტ, ვისზე დავქორწინდები — კაცზე, ქალზე თუ ჩემს თავზე. საკუთარ თავზე ქორწინებით მინდა ყველას ვანახო, რომ სოლოგამია ნორმალურია. მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ ამ სამყაროში მარტო მოდიხარ და აქიდან მარტო მიდიხარ. საკუთარ თავზე მეტად ვინ შეგიყვარებს? თუ დაეცემი, ისევ შენ ხარ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ფეხზე წამოაყენებ", — ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში საკუთარ თავზე ქორწინების ასეულობით შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 33 წლის ბრაზილიელი მოდელია, რომელიც საკუთარ თავზე ქორწინებიდან 3 თვის შემდეგ საკუთარ თავს დაშორდა.