კულტურის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში მოქმედ 22 ორგანიზაციაში 252 ვაკანსიაზე სტაჟირების კონკურსი გამოაცხადა. მათ შორის, 105 ეროვნული მუზეუმის ვაკანსიებია. უწყების ინფორმაციით, სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვიდან 1 წლამდე ვადითაა განსაზღვრული, რის შემდეგად სტაჟიორი დამადასტურებელ ცნობას მიიღებს.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ წარმატებული სტაჟიორები 2023 წლის იანვრიდან სამინისტროს სისტემაში დასაქმდებიან. კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ვაკანსიებს აცხადებენ, რადგან სისტემას "განახლება სჭირდება".

"ვაცხადებთ ამ კონკურსს, ვინაიდან, ვთვლი, როგორც ამ სამინისტროს ხელმძღვანელი, რომ ჩვენს სისტემას განახლება სჭირდება. ჩვენს სისტემას სჭირდება ისეთი სამუშაო ჯგუფები, სადაც ყველა თაობის ადამიანია გაერთიანებული და წინა თაობის წარმომადგენლები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ახალგაზრდა თაობას და ამით იქმნება ის თაობა, რომელმაც უნდა შეგვცვალოს ჩვენ.

ეს პროცესი მრავალი წელია შეწყვეტილია და ჩვენს სისტემაში ჩავთვლეთ რომ სწორედ ახლა დგას ის დრო, როდესაც ახალგაზრდები უნდა შემოვუშვათ სხვადასხვა თანამდებობებზე ჩვენი სამინისტროს აპარატში და ასევე, მუზეუმებში, თუმცა ვაკანსიები გამოცხადებულია ჩვენი რეგიოენების არაერთ თეატრში, მათივე მოთხოვნით", — თქვა მან.

24 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი, მათ შორის, იულონ და დათა გაგოშიძეები გაათავისუფლეს. ბრძანების მიხედვით, გადაწყვეტილების საფუძველი დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაციაა.