მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ბევრი უჩვეულო კანონი არსებობს — მაგალითად, აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, არსება, რომელიც თევზი არაა, სამართლებრივად შეიძლება თევზად ჩაითვალოს. ასე გამოცხადდნენ შტატში ფუტკრები თევზებად.

სააპელაციო ინსტანციის სამი მოსამართლის დადგენილებით, საფრთხის ქვეშ მყოფი ფუტკრის სახეობების დასაცავად ისინი თევზებად მიიჩნევიან.

საქმე ეხება ფუტკრისებრთა ოჯახის ერთ-ერთ მწერს — ბაზს — რომელსაც საფრთხე დიდწილად სოფლის მეურნეობაში გამოყენებულმა პესტიციდებმა შეუქმნა. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ანთროპოგენული ფაქტორების გათვალისწინებით, ბაზის ოთხ სახეობას გადაშენებაც შეიძლება დამუქრებოდა. ამდენად, მათ დასაცავად ზომების მიღება გახდა საჭირო.

აგრარული მეურნეობის მხარდამჭერმა ჯგუფებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მოითხოვეს, ფუტკრები სიიდან ამოიღონ. მათი განცხადებით, მწერების დასაცავად ზომების მიღება არ შეიძლება, რადგან ისინი ველური ბუნების არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან და, შესაბამისად, გადაშენების პირას მყოფ სახეობებად ვერ ჩაითვლებიან.

თუმცა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, კალიფორნიაში ხმელეთზე მობინადრე ლოკოკინა თევზად გამოაცხადეს, რათა ის საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად მიჩნეულიყო. სასამართლოს დადგენილებით, "თევზი" ამ შემთხვევაში სამართლებრივი ტერმინია და არა მაინცდამაინც სახეობა, რომელიც წყალში დაცურავს.

ამიტომ, კალიფორნიაში ამიერიდან ფუტკარიც თევზია.