საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია საქართველოს კომუნიკაციების კომისიისთვის სილქნეტის ხელშეკრულებაში აბონენტების 20 ათასი ლარის დაჯარიმების საკითხზე მიმართვას აპირებს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ჩანაწერი არასწორია და უნდა შეიცვალოს.

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ სილქნეტის მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით, არ გამოირიცხება პაროლის გარეშე WiFi მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში მათი სანქცირებაც, რადგან ესეც მესამე პირისთვის მომსახურების გადაცემაა.

"არსებული ჩანაწერით, ისინი „გადაყიდიან“ ინტერნეტს მესამე პირებზე და ეს მოქმედება მათაც დასაჯარიმებელი პირების სიაში ახვედრებს. როგორც მინიმუმ ამ კონტექსტში, არსებული ჩანაწერი დაზუსტებას მოითხოვს," - ვკითხულობთ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს კანონმდებლობით, პირი რომელიც ინტერნეტმომსახურებას ყიდის ავტორიზაცია უნდა ჰქონდეს გავლილი, რისი არ ქონის შემთხვევაში სანქცირებაა გათვალისიწნებული. დარღვევებისთვის სანქცირებაა გათვალისწინებული საგადასახადო კოდექსშიც.

"აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებაში აღნიშნული ჩანაწერი და ურთიერთობები კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს სცდება, უკანონოა და სააბონენტო ხელშეკრულებიდან უნდა იქნას ამოღებული," - ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე თქმით, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონი მესამე პირისთვის მომსახურების მიყიდვაზე და არა გადაცემაზე ვრცელდება, სილქნეტი კი ხელშეკრულებაში ამ ნაწილს გადაცემის შემთხვევაზეც ავრცელებს.

"გაურკვეველია, რატომ ზღუდავს კომპანია მესამე პირებზე მათ გადაცემას, თუ მომხმარებელი სრულად იხდის მომსახურების საფასურს, რატომ აჯარიმებს მომხმარებელს და რა ზარალზე მიუთითებს კონტრაჰენტს, როდესაც მისი ვალდებულებაა, რომ მომსახურება მიწოდებული იყოს მოქმედი ტექნიკური ნორმებით და ხელშეკრულების პირობებით დააგრეთვე ინფორმაციით (რეკლამით) მომსახურების შესახებ, ანუ შეპირებული ხარისხით," - აღნშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ "მომსახურების მიწოდების რეგლამენტის მიხედვით", მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია გაფრთხილებით შემდგომ, განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, დააჯარიმოს მომხმარებელი სააბონენტო გადასახდელის ან/და განვადების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით, რომელიც არშეიძლება გადასახდელი საფასურის ოდენობის 20 პროცენტს აღემატებოდეს.

5 მაისს სილქნეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც უარყო WIFI-ზე პაროლის გამოუყენებლობის შემთხვევაში მომხმარებლის სანქცირება. როგორც კომპანია განმარტავს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა განსაზღვრულია ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც აბონენტის მიერ ხდება მისთვის მიწოდებული საცალო ინტერნეტ მომსახურების შემდგომი პირდაპირი თუ ირიბი გადაყიდვა/გადაცემა სხვა პირებისთვის კომერციული მიზნით.