ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რეზოლუციაზე მხარდაჭერით ქართული ოცნების სპეკულაციებს, რომ ოპოზიცია საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება, პასუხი გაეცა.

ვაშაძის განცხადებით, საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეალურია, თუ მმართველი პარტია იმ სამუშაოს გასწევს, რაც, მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ALDE-სთან ერთად გასწიეს. ვაშაძე დასძენს, რომ პასუხი კითხვაზე, თუ რას აკეთებს ოპოზიცია, ასეთია:

"ოპოზიცია დადის ევროპაში, მუშაობს ევროპელ კოლეგებთან იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს სრული მხარდაჭერა ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს. იმიტომ, რომ ამ ისტორიული შანსის გაშვების პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება ყველა პოლიტიკურ ძალას და საქართველოს ყველა მოქალაქეს".

მისივე თქმით, მთავარი კითხვა "რას აკეთებენ ისინი და ვისთან მუშაობენ" ქართულ ოცნებასთანაა.

"მთავარი კითხვა, რომელიც არის ოცნებასთან — ისინი რას აკეთებენ, ვისთან მუშაობენ, სად არის კონკრეტული შედეგები, რომელიც იქნება მათი მუშაობის შედეგად. და რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ გაეცა იმ სპეკულაციებს პასუხი, რასაც ჰქონდა ადგილი ქართული ოცნების მხრიდან, რომ ოპოზიცია თითქოს ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. აგერ არის რეზოლუცია სწორედ ჩვენ მიერ ინიცირებული", — თქვა მან.

4 ივნისს, დუბლინში გამართულ კონგრესზე ALDE-მ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ოპოზიციური პარტიების რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციის ავტორები სტრატეგია აღმაშენებელი, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, გირჩი — მეტი თავისუფლება და ლელო საქართველოსთვის არიან.