პირველ ივნისს ყოფილი ცოლის, ამბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლოს მოგების შემდეგ ჯონი დეპმა პირველი პროექტი დააანონსა — მსახიობი მეგობართან და მუსიკოსთან, ჯეფ ბექთან ერთად ალბომს გამოუშვებს. ამის შესახებ ბექმა ერთ-ერთ კონცერტზე განაცხადა, ხოლო იქვე მყოფი ჯონი მას თავის დაქნევით დაეთანხმა.

"ამ შესაძლებლობით ვისარგებლებ და გეტყვით, რომ 5 წლის წინ ერთ ადამიანს შევხვდი, რის შემდეგაც ერთად სიცილი არ შეგვიწყვეტია. სხვათა შორის, ერთად ალბომი ჩავწერეთ. არც კი ვიცი, ეს როგორ მოხდა. ალბომი ივლისში გამოვა", — განაცხადა ბექმა.

ამის შემდეგ ჯონი ბექს სცენაზე შეუერთდა და მსმენელებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა. დეპი ბექის კონცერტზე მაისში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც გამოჩნდა და გიტარაზე დაუკრა.

მუსიკა ჯონი დეპისთვის უცხო სფერო არ არის: 2012 წელს მან ელის კუპერთან და ჯო პერისთან ერთად ბენდიც დააარსა, სახელწოდებით Hollywood Vampires.

შეგახსენებთ, რომ ცილისწამების საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ჯონი დეპის სასარგებლოდ გამოიტანეს. ამბერ ჰერდს ჯონი დეპის სასარგებლოდ $10,4 მილიონის გადახდა დაეკისრა, თუმცა ჰერდის ადვოკატის თქმით, ამბერი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონი მოითხოვა. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბერს ტექსტში ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, თუმცა დეპის სარჩელში აღნიშნულია, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მისი კარიერა დაზიანდა და როლები დაკარგა.