ბორჯომის თანამშრომლებმა ორივე ჩამომსხმელი ქარხნის პიკეტი დაიწყეს. მათი განცხადებით, ადმინისტრაციას პროვოკაციისა და მშრომელთა დაპირისპირების მიზნით, სურს, ქარხნის თანამშრომელთა ჩანაცვლებას.

"კომპანია მზად არის, უფრო მეტი ხელფასი გადაუხადოს სხვა დასაქმებულებს და საკუთარ თანამშრომლებს დასჯის მიზნით არ აუნაზღაუროს ნამუშევარი 2 თვის ხელფასი", — აღნიშნულია განცხადებაში.

გაფიცული თანამშრომლები ქარხნიდან უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ.

"ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ მივაღწიოთ გამარჯვებას და უსამართლობა, რომელიც წამოვიდა ადმინისტრაციისგან ის უსამართლოდ გათავისუფლებული 50-მდე თანამშრომელი დაუყოვნებლივ აღდგეს სამსახურებში. 2 თვის არდაურიცხავი ხელფასები დაგვირიცხონ და 2021 წლის ხელშეკრულება გაფორმდეს ჩვეულებრივ რეჟიმში, როგორც იყო და არ დაირღვეს არცერთი პუნქტი", — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფორმულასთან.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. როგორც აქციის მონაწილე ამბობს, ექსცესები შეიძლება იყოს.

"გარკვეულმა პოლიციის თანამშრომლებმა გამოხატეს მზაობა, რომ გაეყვანათ ხალხი საკუთარი ნების გარეშე", — ამბობს ის.

ბორჯომის თანამშრომლები 31 მაისს უვადოდ გაიფიცნენ. 3 ივნისს თანამშრომლებმა ბორჯომის პირველი ქარხნის შესასვლელი გადაკეტეს. ისინი ცდილობდნენ სატვირთო ავტომობილებისთვის შენობიდან მარაგის გამოტანის შესაძლებლობა არ მიეცათ.

კომპანია ბორჯომმა 29 აპრილიდან სანქციების გამო ორივე ქარხანაში წარმოება დროებით შეაჩერა. 5 მაისს ბორჯომმა 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. კომპანიაში თქვეს, რომ შექმნილ ვითარებაში იძულებული გახდნენ დასაქმებულთა ხელშეკრულებაში ცვლილება შეეტანათ, რაზეც თანამშრომელთა ნაწილი არ დათანხმდა.

ბორჯომის წარმოების შეჩერების შემდეგ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საკითხზე აქტიურად მუშაობენ და მოსახლეობას მალე ეტყვიან სასიამოვნო ინფორმაციას.

19 მაისს ცნობილი გახდა, რომ IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. მათი თქმით, ეს ნაბიჯი მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

მთავრობა ბორჯომის მფლობელი კომპანიის შეთავაზებას განიხილავს. მთავრობის განცხადებით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს წევრებს ბორჯომის შესახებ კონკრეტული დავალებები მისცა.