წარმოშობით ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ თავისი ახალი ალბომი დააანონსა და მისი პირველი სინგლიც გამოუშვა. სიმღერა Hotel Stamba, ისევე, როგორც ალბომის სხვა ჩანაწერები, მევიოლინესა და კომპოზიტორთან, საიმონ გოფთან, თანამშრომლობითაა შექმნილი. პროექტი ექსპერიმენტულია, მისი ჩანაფიქრი კი იმის გადმოცემაა, თუ რა გავლენას ახდენს ფიზიკური სივრცე და გარემო ჩვენზე.

"ეს სინგლი, ისევე როგორც ახალი ალბომის ხუთი დანარჩენი სიმღერა, ასახავს სივრცეებსა და მათ გავლენას ჩვენზე", — ამბობს ქეთი, — "სიმღერების წერის ტრადიციული ფორმა ისევ ძალიან მიყვარს, მაგრამ ამჯერად გვინდოდა, დიზაინისა და არქიტექტურის გავლენა აღმოგვეჩინა. ასევე გვსურდა, მსმენელი გრძნობებში ჩაფლულიყო".

მომღერლის თქმით, ალბომის პირველი სიმღერა თბილისში მის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილს უკავშირდება, სადაც "დიზაინს გასაოცრად დიდი დატვირთვა აქვს". აღსანიშნავია, რომ ალბომის კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც ჯერ არ გამოსულა, ასევე უკავშირდება საქართველოს და მას Tbilisi Airport ("თბილისის აეროპორტი") ჰქვია.

მიზნიდან და მუშაობის პროცესიდან გამომდინარე, ახალი პროექტი ქეთის აქამდე გამოსული ყველა სხვა ალბომისგან განსხვავდება. საიმონ გოფის თქმით, ალბომი ისეთ შეკითხვებზე ეძებს პასუხებს, როგორიცაა სივრცეების, მეხსიერებისა და წარმოსახვის გავლენა.

ქეთი მელუა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანელი მომღერალია, რომელსაც ამ დრომდე ჯამში 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. 2003 წელს, 19 წლის ასაკში, მან პირველი ალბომი გამოაქვეყნა, რომელიც გამოსვლიდან ხუთ თვეში 1,8 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. ორი წლის განმავლობაში მელუა გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე გაყიდვადი ჩანაწერების მქონე მუსიკოსი ქალი იყო. 2008 წელს ქეთი 30 წლის ასაკს ქვემოთ მე-7 ყველაზე მდიდარ ბრიტანელ მუსიკოსად დასახელდა. გასულ წელს მელუამ ევროპის კულტურის ჯილდოც მიიღო.

მუსიკოსის ახალი ალბომი, სახელწოდებით Aerial Objects, რომელიც ჯამში 6 ჩანაწერს აერთიანებს, 15 ივლისს გამოვა.