ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამია რუსთავი 2-სგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ აშშ დოლარს მოითხოვს.

"ნიკა გვარამიას რუსთავი 2-თან აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული, რადგან ამ ვადით იყო ის თანამდებობაზე დანიშნული და ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლდა ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც ნიკა გვარამიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 5 მილიოში აშშ დოლარის ოდენობით.

ეს არის ზიანი, რაც მას მიადგა რუსთავი 2-ის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით. თუ ვინმე დაზარალებულია ამ ურთიერთობაში, არის ნიკა გვარამია, შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად წერილობით ვაცნობოთ რუსთავი 2-ს ჩვენი პოზიცია და დაველოდოთ მათ პასუხს", — ამბობს ადვოკატი.

სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა კი თქვა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.

ამავე თემაზე: