ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში სიახლეა — ოფიციალურად გამოცხადდა, რომ იქმნება ახალი, მეექვსე თაობის გამანადგურებელი.

Heritage Foundation-ის ღონისძიების დროს, საჰაერო ძალების მდივანმა, ფრენკ კენდალმა თქვა: "ჩვენ უკვე დავიწყეთ პროგრამა ახალი საფრენი აპარატის ინჟინერიის, დამზადებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. სავარაუდოა, რომ ამ ყველაფერს 2030 წლამდე მოვახერხებთ".

ვინაიდან პროგრამა ადრეულ სტადიაზეა და ამასთან ერთად, სრულიად გასაიდუმლოებულია, ღონისძიებაზე სხვა ინფორმაცია არ გაჟღერებულა. რაც ვიცით არის ის, რომ გამანადგურებელი გახდება საჰაერო ძალების ე.წ. "საჰაერო დომინირების ახალი თაობის" სისტემის ცენტრალური ნაწილი.

ახალ თვითმფრინავს ექნება სრულიად ახალი შეიარაღება, სენსორები და დამატებითი დრონები, რაც პილოტს ამოცანის შესრულებაში დაეხმარება.

ამ პროგრამის ფარგლებში საჰაერო ძალებმა 2020 წელს გატესტეს "საჰაერო დომინირების ახალი თაობის" გამანადგურებლის პროტოტიპური ვერსია, თუმცა ოფიციალურმა წყაროებმა მაშინ უარი თქვეს რაიმე ინფორმაციის გაცემაზე, ან მწარმოებლის დასახელებაზე.

"რაც აქამდე გავაკეთეთ, იყო ექსპერიმენტული პროტოტიპი" — თქვა კენდალმა. "ჩვენ გვქონდა "თვითმფრინავი იქსის" პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა საბოლოო ვერსიის საკვანძო ტექნოლოგიებში რისკები შეემცირებინა."

თუკი AeroDynamic Advisory-ს საჰაერო ანალიტიკოს რიჩარდ აბულაფიას დავუჯერებთ, საჰაერო ძალების ბოლოჟამინდელი განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ უკვე არჩეულია საბოლოო დიზაინი და მწარმოებელი.

მწარმოებლის ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ ის Lockheed Martin-ის, Boeing-ის და Northrop Grumman-ის სამეულიდან ერთ-ერთი იქნება.

ფოტო: defencetalk

ამ სამიდან უკანასკნელი ისედაც ძალიან დაკავებულია B-21 ბომბდამშენის წარმოებით, ამიტომ ნაკლებსავარაუდოა ასეთი ამბიციური ახალი პროექტი აეღოთ. აბულაფიას ვარაუდით ყველაზე დიდი შანსია პროექტს Lockheed Martin გაუძღვეს, ვინაიდან უკვე დიდი გამოცდილება აქვთ ისეთ გამანადგურებლებზე მუშაობის, როგორებიცაა მეხუთე თაობის F22 და F35.

მიუხედავად ამისა, Boeing-ის ვარიანტი ჯერ მაინც არ უნდა გამოვრიცხოთ. "დადიოდა ხმები, რომ Boeing ჯერ არ იყო თამაშის გარეთ. ამ ჭორს კრიტიკოსებიც ჰყავდა — პროტოტიპების აწყობა ნამდვილად შეუძლიათ, მაგრამ შეძლებს კი ბოინგი საბრძოლო თვიმფრინავის აწყობას? თუ ბოინგია, მაშინ რაღაც სასწაულით თუ გაიტანდნენ თავიანთ კანდიდატურას", — აცხადებს აბულაფია.

ცხადია, თავად ეს სამი კომპანია თავს იკავებს კითხვებზე პასუხის გაცემისაგან.

და მაინც, როგორი იქნება ამერიკული გამანადგურებლების ახალი თაობა?

აქამდე ძალიან ცოტა ინფორმაციაა გასაჯაროებული, თუმცა საჰაერო ძალების ლიდერებმა რამდენიმე მცირე მინიშნება მაინც მოგვცეს.

აპრილში საჰაერო ძალების უფროსმა სიქიუ ბრაუნმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "საჰაერო დომინირების ახალი თაობის" გამანადგურებლის საფრენი პროგრამა სამისიო სისტემის პროგრამისგან განცალკევებით იმუშავებს, რაც შესაძლებელს გახდის საერთო სისტემის უფრო მარტივ განახლებას, ახალი ტექნოლოგიების მოდულარულად დანერგვას.

მოგვიანებით, ზემოთ ნახსენებმა კენდალმა კანონმდებლებს უთხრა, რომ ახალი გამანადგურებელი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ეღირება და გარემოცული იქნება დრონებითა და დამატებითი სისტემებით, რომლებიც შედარები ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირბეული, მაგრამ მნიშვნელოვნად ზრდის გამანადგურებლის შესაძლებლობებს.

ეს ფასი რეალურ მაჩვენებელთან ახლოს თუ არის, მაშინ ის ისედაც უძვირესი F-22-ის ღირებულებასაც კი დაჩრდილავს.

დროთა განმავლობაში უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ მეექვსე თაობის ამერიკულ გამანადგურებლებზე, მანამდე კი მხოლოდ ვარაუდი თუ შეგვიძლია, როგორი იქნება შეერთებული შტატების გამანადგურებლების მომავალი სახე.