პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მართლმსაჯულებას ვერავინ მიუთითებს, პროცედურები რა დროში უნდა ჩატარდეს. ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკურად დროული არ ყოფილა.

"რაც შეეხება იმას, რომ ეს იყო დროული თუ სათანადო დროს იყო თუ არ იყო, აქ მე მგონი, ახსნაც კი ზედმეტია იმის, რომ რა თქმა უნდა, ვერავინ მართლმსაჯულებას ვერ მიუთითებს, პროცედურები რა დროში უნდა ჩატარდეს, ეს არის სასამართლო დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი.

სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობით და იმის მიხედვით გადაწყვიტოს, როგორი გადაწყვეტილება გამოიტანოს და როდის გამოიტანოს გადაწყვეტილება. თუ სასამართლო ასე მოიქცეოდა, ან პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს პოლიტიზება. თუკი სასამართლო თავის გადაწყვეტილებებს დააყრდნობდა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ პერსპექტივაზე, ევროპა გულისხმობს კანონის უზენაესობას, როდესაც არის შესაბამისი პროცედურები და სასამართლო ამ პროცედურების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს", — თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

ზურაბიშვილის განცხადებით, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება პოლიტიკურად დროული არ ყოფილა. როგორც ის ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს არ შეაფასებს, თუმცა სხვა გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იყო.

სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.