ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სასამართლოს არ უნდა უკარნახონ, რა არის დროული და რა არა.

"როდესაც პრეზიდენტი საუბრობს, თან მით უმეტეს ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატი როგორც ქალბატონი სალომეა, ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ჩვენ, რომ სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ რა არის დროული და რა არ არის დროული. სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, შეუვალი და ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყავს დემოკრატიის ფესვებში.

ამიტომ, თავი დავანებოთ სასამართლოს განრიგის დაწესებას, რა დროულია და რა არაა დროული. ვინმეს თუ არ მოსწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, ამისთვის მოიმარჯვონ საწერი კალმები თუ ელექტრონული საშუალებები, დაწერონ სააპელაციო საჩივარი და მიმართონ ზედა ინსტანციას, გაასაჩივრონ", — აცხადებს ღუდუშაური.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2 ივნისს პალიტრანიუსთან ინტერვიუში თქვა, რომ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება პოლიტიკურად დროული არ ყოფილა. მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს არ შეაფასებს, თუმცა სხვა გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იყო.