2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13,3% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. როგორც უწყების ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოში ინფლაციის დონე კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.

ფოტო: საქსტატი

მაისში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და ტრანსპორტის გაძვირებამ მოახდინა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 22%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანსპორტის ჯგუფში 20%-ით.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 22%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6,88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (51,1%), პური და პურპროდუქტები (34,5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23,5%), ხილი და ყურძენი (23,3%), თევზეული (19,4%), ზეთი და ცხიმი (17,7%), ყავა, ჩაი და კაკაო (16,8%), რძე, ყველი და კვერცხი (16%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15,4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,6%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20%-ით, რაც 2,42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25,2%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (12,9%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 16,1 პროცენტიანი მატება, რაც 1,67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (28.2%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13,6%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11,2%).

მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, 30 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუქტით, 11%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც, 192 000-მდე მსესხებელს სესხის პროცენტი გაუძვირდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.