პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკომისიის პირველი შეფასება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შესაძლოა ზოგ ასპექტში კრიტიკული იყოს, მაგრამ საბოლოოდ ევროსაბჭო გეოპოლიტიკურ ვითარებას გაითვალისწინებს. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას ბოლო ერთი წლის განცხადებები და შეცდომები არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

"მე მგონია, რომ პირველი შეფასება კომისიის, ალბათ, იქნება კრიტიკული ზოგ ასპექტებზე, მაგალითად სასამართლო რეფორმაზე. ის ყველაფერი, რაც იყო ჩაწერილი სასამართლო რეფორაზე, შესაძლოა იყოს კრიტიკული. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული ევროპული საბჭოს მიერ, იქ იქნება უფრო გათვალისწინებული გეოპოლიტიკური სიტუაცია, არამხოლოდ შეცდომები, თუ როგორც გვინდა ისე დავარქვათ, მაგრამ იქნება ზოგადად საქართველოს მდგომარეობა დღევანდელ დღეს.

ის ფაქტი, რომ მოსახლეობა მთლიანად არის მიმართული ევროპისკენ, რომ ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე, არ შეიძლება, რომ მხოლოდ ბოლო წლის ნათქვამები ან შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე და კიდევ ის, რომ ჩვენ არ შეიძლება ამ გზიდან გვერდზე დავრჩეთ", — ამბობს ის პალიტრანიუსთან.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება, ასეთ დროს უმრავლესობის მხრიდან ისეთი განცხადებები კეთდება, რომლებიც დაუფიქრებელი და არასაჭიროა. მისი თქმით, ქართული ოცნების წევრების განცხადებები ევროპარლამენტარებსა და ევროპაზე ცოტა გაუგებარია.