გერმანიაში მცხოვრები ადამიანები ქვეყანაში გადაადგილებასა და მოგზაურობას თვეში მხოლოდ $9,5-ად შეძლებენ. მომდევნო სამი თვის განმავლობაში ეს შეღავათი ერთგვარი კომპენსაცია იქნება ქვეყანაში საყოფაცხოვრებო ხარჯების გაძვირების გამო.

9 ევროდ შეძენილი ვაუჩერით გერმანელები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული მატარებლებით, ავტობუსებითა და მეტროთი, თუმცა არა — საქალაქთაშორისო მატარებლით. გადაადგილების გაიაფებული ხარჯით, ქვეყნის მთავრობას ასევე სურს, მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისკენ უბიძგოს.

"დიდი წარმატებაა, რომ უკვე შვიდი მილიონი ბილეთი გავყიდეთ", — ამბობს ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი ფოლკერ ვისინგი.

თუმცა, გაყიდული ბილეთების სიმრავლემ პრობლემებიც წარმოშვა — მაგალითად, რკინიგზის კომპანიას, მომხმარებელთა ზრდის გამო, რეისების გადადება და გაუქმებაც კი უწევს.

9-ევროიანი ბილეთი უკვე შვიდ მილიონზე მეტმა გერმანელმა შეიძინა.

ფოტო: Reuters

როგორც მსოფლიოს ნაწილში, გერმანიაშიც გაძვირდა გადასახადი ელექტროენერგიაზე. აღნიშნული საშეღავათო ტარიფები სწორედ გაზრდილი ხარჯის დაბალანსებისთვისაა განკუთვნილი. კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით, ელექტროენერგიის საფასურის გაძვირების მთავარი მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ საწვავის საფასურმაც დაიკლო; მაგალითად, ბენზინის ფასი 2 ევროზე ნაკლები გახდა, დიზელი კი ლიტრზე 14 ცენტით გაიაფდა.

9-ევროიანი ბილეთების შემოღებამ კი გერმანელები გაამხიარულა. სოციალურ ქსელებში ბევრი განიხილავს, რისთვის ამჯობინებენ ბილეთის გამოყენებას — სამუშაოზე სიარულისთვის თუ ჩრდილოეთის ზღვაზე, საკურორტო კუნძულ ზილტზე წასვლისთვის. კელნის ბიბლიოთეკამ იხუმრა კიდეც, რომ სოციალური მედიის გუნდის შეხვედრა ზილტზე გადაიტანა.