სულ ცოტა ხნის წინ, პირველ ივნისს, ვირჯინიის სასამართლოს 7 წევრისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა ჯგუფმა ამბერ ჰერდის წინააღმდეგ ჯონი დეპის სარჩელი დააკმაყოფილა.

ამასთან დაკავშირებით კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავმა განცხადება გაავრცელა:

"ექვსი წლის წინ ჩემი ცხოვრება, ჩემი შვილების ცხოვრება, ჩემი ახლობლების ცხოვრება და იმათი ცხოვრებაც, ვინც მრავალი წლის განმავლობაში მიჭერდა მხარს და სჯეროდა ჩემი, სამუდამოდ შეიცვალა.

და ეს ყველაფერი თვალის ერთ დახამხამებაში.

ჩემ შესახებ ყალბი, ძალიან სერიოზული და კრიმინალური ბრალდებები ვრცელდებოდა მედიაში, რასაც სიძულვილის შემცველი უსაზღვრო ინფორმაცია მოჰყვა ჩემი მისამართით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ წინაღმდეგ საქმე არასდროს აღძრულა. ეს ყველაფერი მთელ მსოფლიოს წამზე უსწრაფესად მოედო და ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა იქონია.

და აი, ექვსი წლის შემდეგ ნაფიც მსაჯულებმა ცხოვრება უკან დამიბრუნეს. ძალიან მადლიერი ვარ.

მხოლოდ კარგად დაფიქრების შემდეგ გადავწყვიტე ამ სასამართლო დავის დაწყება, რადგან ვაცნობიერებდი იურიდიულ სირთულეებს და იმასაც, რომ ჩემი ცხოვრება საქვეყნო სპექტაკლად გადაიქცეოდა.

თავიდანვე ამ სარჩელის მიზანი იყო, რომ სიმართლე გამოვლენილიყო, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნებოდა საბოლოო შედეგი. ვალდებული ვიყავი, სიმართლე სცოდნოდათ ჩემს შვილებს და ყველას, ვისაც ურყევად სჯეროდა ჩემი. ახლა უკვე მშვიდად ვარ, როცა ვიცი, რომ ამას მივაღწიე.

მიჭირს იმის აღწერა, თუ რას ვგრძნობდი მთელი მსოფლიოდან მიღებული უსაზღვრო სიყვარულისა და მხარდაჭერის გამო. იმედი მაქვს, ჩემი მიზანი, რომ სიმართლე გაცხადებულიყო, დაეხმარება სხვებსაც, კაცებსა თუ ქალებს, ვინც ჩემს მდგომარეობაში ყოფილა, რომ არ დანებდნენ. ასევე იმედი მაქვს, რომ ადამიანები იქამდე ჩაითვლებიან უდანაშაულოდ, სანამ მათი დანაშაული არ დამტკიცდება სასამართლოს და მედიის საშუალებით".

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა და წერილი შემდეგი ფრაზით დაასრულა: "სიმართლე არასდროს დაიკარგება".

სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ჯონი დეპის პირად ინსტაგრამზე:

ამბერ ჰერდის წინააღმდეგ ჯონი დეპის საქმეზე განაჩენი პირველ ივნისს გამოიტანეს: ნაფიც მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ამბერ ჰერდმა ყოფილ ქმარს 2018 წელს გამოქვეყნებულ ოპ-ედში ცილი დასწამა.

აპრილში დაწყებული სასამართლო პროცესი, რომელიც 6 კვირა გრძელდებოდა ჯამში 100 საათზე მეტხნიანი დაკითხვებით, ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ერთ ნაწილში სასამართლომ ამბერ ჰერდის მოთხოვნაც დააკმაყოფილა: აქვამენის მსახიობი აცხადებდა, რომ მას ჯონი დეპის აგენტმა ცილი დასწამა და #MeToo ეპოქაში "ძალადობის ცრუ ბრალმდებელი" უწოდა.

The New York Times-ს ცნობით, სასამართლომ ჯონი დეპისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ამბერ ჰერდს $15 მილიონის გადახდა დააკისრა, ხოლო ჯონი დეპს ამბერ ჰერდისთვის ზარალის ასანაზღაურებლად კი $2 მილიონის გადახდა დაევალა.

ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონი მოითხოვა. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბერს ტექსტში ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, თუმცა დეპის სარჩელში აღნიშნულია, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მისი კარიერა დაზიანდა და როლები დაკარგა.