სულ რამდენიმე წუთის წინ ამბერ ჰერდის წინააღმდეგ ჯონი დეპის საქმეზე განაჩენი გამოიტანეს: ნაფიც მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ამბერ ჰერდმა ყოფილ ქმარს 2018 წელს გამოქვეყნებულ ოპ-ედში ცილი დასწამა.

აპრილში დაწყებული სასამართლო პროცესი, რომელიც 6 კვირა გრძელდებოდა ჯამში 100 საათზე მეტხნიანი დაკითხვებით, ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ერთ ნაწილში სასამართლომ ამბერ ჰერდის მოთხოვნაც დააკმაყოფილა: აქვამენის მსახიობი აცხადებდა, რომ მას ჯონი დეპის აგენტმა ცილი დასწამა და #MeToo ეპოქაში "ძალადობის ცრუ ბრალმდებელი" უწოდა.

The New York Times-ს ცნობით, სასამართლომ ჯონი დეპისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ამბერ ჰერდს $15 მილიონის გადახდა დააკისრა, ხოლო ჯონი დეპს ამბერ ჰერდისთვის ზარალის ასანაზღაურებლად კი $2 მილიონის გადახდა დაევალა.

"თავიდანვე ამ სარჩელის მიზანი იყო, რომ სიმართლე გამოვლენილიყო, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნებოდა საბოლოო შედეგი. ვალდებული ვიყავი, სიმართლე სცოდნოდათ ჩემს შვილებს და ყველას, ვისაც ურყევად სჯეროდა ჩემი. ახლა უკვე მშვიდად ვარ, როცა ვიცი, რომ ამას მივაღწიე", — განაცხადა ჯონი დეპმა.

"სიტყვებით ვერ აღვწერ იმ იმედგაცრუებას, რომელსაც დღეს ვგრძნობ. გულგატეხილი ვარ, რომ ზღვა მტკიცებულებაც კი არ იყო საკმარისი, რომ ჩემი ყოფილი ქმრის არაპროპორციულად დიდ ძალაუფლებას, გავლენასა და ავტორიტეტს დავპირისპირებოდი", — აღნიშნა ამბერ ჰერდმა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ.

ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონი მოითხოვა. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბერს ტექსტში ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, თუმცა დეპის სარჩელში აღნიშნულია, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მისი კარიერა დაზიანდა და როლები დაკარგა.

ასევე იხილეთ: