თამბაქო დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. მისი კულტივირების, ზრდის, წარმოების, მოხმარებისა და ნარჩენების სრული ციკლი წამლავს ჰაერს, წყალსა და ეკოსისტემას.

2022 წლის 31 მაისს, "მსოფლიო თამბაქოს გარეშე" დღის აღსანიშნავად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს უახლეს ფაქტებზე თამბაქოს სასიცოცხლო ციკლის გარემოსდაცვითი ზიანის შესახებ და სააშკარაოზე გამოაქვს თამბაქოს ინდუსტრიის ე.წ. Greenwash ძალისხმევა – მცდელობა რათა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და წარმოაჩინოს მისი პროდუქტები, როგორც ეკოლოგიურად სუფთა.

ასევე იხილეთ: რა გავლენა აქვს მოწევას თქვენს ჯანმრთელობაზე — 5 მთავარი საფრთხე

თამბაქოს სრული სასიცოცხლო ციკლი: 25 მილიონი ტონა ნარჩენი ყოველწლიურად

მსოფლიოს მასშტაბით, თამბაქო ყოველწლიურად კლავს 8 მილიონზე მეტ ადამიანს და ხელს უწყობს ისეთი საშიში არაგადამდები დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, კიბო, დიაბეტი და სხვა.

"ჩვენ ვიცით, რომ თამბაქო კლავს მის მომხმარებლებს, მაგრამ რეალური ზიანი ბევრად უფრო დიდია. ყოველწლიურად, 4.5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი იყრება გარემოში და გამოიყოფა 7000-ზე მეტი მავნე ნივთიერება — მათგან 70 ცნობილია როგორც კანცეროგენი, რომელიც აბინძურებს ტროტუარებს, პარკებს და საბოლოოდ ხვდება წყალში, რითაც წამლავს სიცოცხლეს ზღვაში", — ამბობს ჰანს ჰენრი პ. კლუგე, ჯანმოს ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორი.

თამბაქოს მოხმარების ზემოქმედება გარემოზე არ არის მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი, იგი გლობალური პრობლემაა. თამბაქო არა მხოლოდ მის მომხმარებლებს და მათ გარშემო მყოფებს აზიანებს, არამედ წარმოადგენს საფრთხეს მდგრადი განვითარებისთვის. ამიტომ, თამბაქოს კონტროლი მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას და სრულიად მთავრობისა და საზოგადოების ჩართულობას.

"საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება და მშპ-ს 2.4% იკარგება თამბაქოს მოხმარების გამო. თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის შემოღების შემდეგ 2018 წლიდან შემცირდა როგორც აქტიური, ისე პასიური მწეველობის მაჩვენებლები, რაც პოზიტიურ ცვლილებას წარმოადგენს. 2020 წლის მონაცემებით, ზრდასრულთა 27.4% აქტიური მწეველი იყო, ხოლო 2016 წელს იგივე მაჩვენებელი 31% იყო. თამბაქოს მოხმარების მდგრადი შემცირებით ქვეყანას შეუძლია შექმნას უფრო ჯანსაღი გარემო ყველასთვის, რაც დადებითად იმოქმედებს გარემოზე და ეკონომიკაზეც", — ამბობს კახა ღვინიანიძე, ჯანმოს საქართველოს ოფისის პროგრამების კოორდინატორი.

თამბაქოს წარმოებისა და მისი ნარჩენების მიერ გამოწვეული ზიანი ფარული გარემოსდაცვითი საფრთხეა:

  • თამბაქოს წარმოება წლიურად თითქმის 84 მილიონი ტონა CO2-ის გამოყოფას უწყობს ხელს. ეს კოსმოსში 280 000 რაკეტის გაშვების ტოლფასია;
  • ერთი სიგარეტის სასიცოცხლო ციკლი დაახლოებით 3,7 ლიტრი წყალს მოითხოვს. საშუალო მწეველს, მოწევაზე თავის დანებებით შეუძლია დღეში 74 ლიტრამდე წყლის დაზოგვა.
  • ყოველწლიურად დაახლოებით 200 000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იჩეხება თამბაქოს მოსაყვანად და დასამზადებლად. 300 სიგარეტის დასამზადებლად ერთი ხეა საჭირო.
  • ფერმერები, რომლებიც რგავენ, ამუშავებენ და კრეფენ თამბაქოს, დღეში დაახლოებით 50 ღერი სიგარეტის ექვივალენტ ნიკოტინს იღებენ, რითაც შხამიანი პესტიციდების ზემოქმედების ქვეშ ხვდებიან. შედეგად, მათ და მათი ოჯახის წევრებს ხშირად უვითარდებათ სხვადასხვა სახის სიმსივნეები, გენეტიკური ცვლილებები, სისხლის, ნევროლოგიური და ენდოკრინული დარღვევები.

ფოტო: Who

რა ხდება თამბაქოს ინდუსტრიის "მწვანე" პიარის მიღმა

თავისი რეპუტაციის "გასამწვანებლად" და საკუთარი თავის ეკო-მეგობრულად წარმოსაჩენად, თამბაქოს ინდუსტრია იყენებს ცრუ ტაქტიკას. ინდუსტრიის თვით-გამოქვეყნებულ მონაცემებსა და მარკეტინგულ აქტივობებს, როგორც წესი, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, თამბაქოს გარემოზე გავლენის რეალური მასშტაბის მინიმიზაციით და ცდილობს დააჯეროს საზოგადოება, რომ თამბაქოს წარმოება არ არის მავნე.

"სიმართლე ისაა, რომ თამბაქოს სრული სასიცოცხლო ციკლი არის უაღრესად დამაბინძურებელი და დამაზიანებელი პროცესი, რომელიც საფრთხეს უქმნის ისედაც მყიფე ეკოსისტემებს და ახლანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობას მთელ მსოფლიოში. ჩვენი მორალური იმპერატივია, მივცეთ ბავშვებს საშუალება, გაიზარდონ თამბაქოს ზემოქმედების საფრთხისგან თავისუფალ გარემოში და უზრუნველყონ მათთვის სუფთა, უსაფრთხო და დაცული გარემო", — ამბობს ნინო ბერძული, ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ქვეყნების ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების დირექტორი.

ჯანმო მოუწოდებს ფართო საზოგადოებას, პოლიტიკის შემქმნელებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს და პარტნიორებს:

  • მიეცით თამბაქოს მომხმარებლებს დამატებითი სტიმული, მასზე თავის დანებებისათვის. თამბაქოზე თავის დანებებას სარგებელი მოაქვს თქვენი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის;
  • მხარი დაუჭირეთ ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის აკრძალვას, რომელსაც შეიცავს სიგარეტის ნამწვი, პლასტმასის კოლოფები, რომლებიც გამოიყენება ნიკოტინის პროდუქტებისთვის და უკვამლო თამბაქოსა და ელექტრონული ნარჩენებისთვის;
  • დააწესეთ გარემოსდაცვითი გადასახადი თამბაქოს მწარმოებლებზე, დისტრიბუტორებსა და მომხმარებლებზე, მიწოდების ჯაჭვის მასშტაბის გათვალისწინებით, ნახშირბადის გამონაბოლქვის, ჰაერის დაბინძურების და სხვა გარემოსდაცვითი ხარჯებისთვის;
  • ხელი შეუწყეთ თამბაქოს ინდუსტრიის Greenwash ტაქტიკის საკითხში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას;
  • ხელი შეუწყვეთ თამბაქოს წარმოებაში ჩართულ ფერმერებს გადავიდნენ ალტერნატიულ, მდგრად კულტურებზე;
  • მხარი დაუჭირეთ თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი პოლიტიკის განხორციელებას.

დროა, უარი ვთქვათ თამბაქოზე ჯანსაღი პლანეტისა და ჯანმრთელი ადამიანებისთვის!

ასევე იხილეთ: 100-ზე მეტი მიზეზი თამბაქოსთვის თავის დასანებებლად