სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში უკვე წლებია ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და მათზე მორგებული გარემოს არარსებობის პრობლემები დგას. მისი თქმით, ამ დრომდე ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად ბავშვთა სიღარიბის მზარდი მაჩვენებელი დგას.

"წინა წელთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ჩარიცხული ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა და პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნების რიცხვმა 235 252 მიაღწია. თუმცა, ქვეყანაში არსებული პროგრამები კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და მათი სოციალური ფუნქციის ამაღლებას. სახელმწიფოში კი ამ დრომდე არ არსებობს ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა შრომის შემცირების ეფექტიანი სტრატეგია და მექანიზმი", — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებებში სახელმწიფო ზრუნვის განხორციელება ბავშვის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და მოზარდზე დამანგრეველ გავლენას ახდენს, ქვეყანაში ასეთი სამია.

"ბავშვთა დაცვის კუთხით არსებული ამ და სხვა არაერთი გამოწვევის აღმოსაფხვრელად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთი მხრივ, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და მეორე მხრივ, სახელმწიფო უწყებების დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული, ინდივიდუალური მიდგომით, უზრუნველყოფს სხვადასხვა საჭიროებების მქონე, მათ შორის, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერებას", — აღნიშნავს ლომჯარია.

სახალხო დამცველი უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვების მდგომარეობასაც უსვამს ხაზს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მყოფი ომის შედეგად დაზარალებულთა ბავშვების მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სახალხო დამცველის თანახმად, ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია:

  • ბავშვთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული მხარდამჭერი პროგრამებისა და სერვისების ეფექტიანობის გაზრდა, დამატებითი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დროული და ეფექტიანი წარმართვა, რომლის ფარგლებშიც თითოეული ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნება ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული და უსაფრთხო გარემო.

პირველ ივნისს ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.