ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა რუსეთთან მიერთების "რეფერენდუმი" შეაჩერა. ე.წ. სახელმწიფო მედია წერს, რომ გაგლოევმა გამოაქვეყნა ბრძანება რუსეთთან სამომავლო ინტეგრაციის გზების შესახებ.

გაგლოევის ბრძანებაში მიზეზად ნახსენებია "რეფერენდუმზე" წარმოდგენილი საკითხების სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობა. ასევე, აღნიშნულია, რომ დაუშვებელია "რეფერენდუმი" საკითხების ცალმხრივი გადაწყვეტა, რომელიც რუსეთის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებსაც ეხება. ამავდროულად, გაგლოევი აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს დეფაქტო რესპუბლიკის რუსეთთან გაერთიანების შესახებ სურვილს.

ბრძანებაში ნათქვამია ისიც, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან დე ფაქტო რესპუბლიკის მათთან ინტეგრაციის შესახებ. ამავე ბრძანებით გაგლოევმა დაადგინა ე.წ. დელეგაცია, რომელმაც რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. ხელმძღვანელი თავად არის და მასთან ერთად არიან ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ე.წ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ე.წ. ცესკოს თავმჯდომარე, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი და მისი მრჩეველი.

მანამდე, 29 მაისს ამავე გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რეფერენდუმის" საკითხზე გაგლოევი ე.წ. დეპუტატებს შეხვდა, სადაც აღნიშნა, რომ ეს საკითხი კითხვებს აჩენს. მანვე თქვა, რომ რეფერენდუმის ჩატარება 32,5 მილიონი რუბლი დაუჯდებათ. აქვე გაგლოევმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი მზად იქნებოდა ისინი საკუთარ შემადგენლობაში მიეღოთ, ისინი ბანკიდან სესხს აიღებდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების ე.წ რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. 18 მაისს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში "რეფერენდუმი" რუსეთთან ადგილზე არსებულ განწყობებს ასახავს, თუმცა მოსკოვი ამჟამად ამ თემაზე არ მუშაობდა. კითხვაზე, მიაჩნდა, თუ არა არსებულ ვითარებაში ამგვარი "რეფერენდუმის" ჩატარება მიზანშეწონილად, პესკოვმა უპასუხა, რომ ეს ხალხისა და დე ფაქტო ხელისუფლების გადასაწყვეტია და ორიენტირება მათი ხედვით უნდა მომხდარიყო.

ამავე თემაზე: