ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ევროპის სახალხო პარტიის (EPP) 2022 წლის კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და ევროკავშირს მიმართა, რომ გაუღოს კარი ევროკავშირს. მისი თქმით, ქართველ ხალხს, ისე როგორც არასდროს, უნდა ევროპა, რადგან სახელმწიფოს მიტაცების დასამარცხებლად მისი დახმარება სჭირდება.

"თქვენ, მე და სხვებმა ამ დარბაზში კარგად ვიცით რუსული ბატონობის ფასი. არც იმედი, არც მომავალი, არც სიცოცხლე. ქართველ ხალხს, ისე როგორც არასდროს, გვინდა ევროპა. ჩვენ გვჭირდება ევროპის თანადგომა, რომ დავამარცხოთ სახელმწიფოს მიტაცება. ჩვენ გვინდა ევროპა, რადგან ჯერ კიდევ ვოცნებობთ თავისუფლებაზე, საერთო კეთილდღეობაზე, მშვიდობიან მომავალზე. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, გაუღოს კარი საქართველოს.

ვიცით, რომ ეს გზა იქნება გრძელი და რთული, მაგრამ ჩვენ ის ერთად უნდა გავიაროთ. დღევანდელი ოლიგარქიული რეჟიმი არის მძიმე დაბრკოლება, მაგრამ თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ ამასაც გადავლახავთ. ზოგიერთებს უნდათ, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ბრძოლა, მაგრამ ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას, ჩვენ არასდროს გავიქცევით, ჩვენ არასდროს მივყვებით დინებას!" — ამბობს ის.

მელიამ EPP-ს მიმართა, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დასავლეთი წინდაუხედავად მოიქცა, ზოგიერთი ლიდერი კი ახლაც არ უწოდებს პუტინს დიქტატორს. მისი თქმით, რეალიზმისა და გამბედაობის არქონას ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ, რისი მაგალითიც საქართველო და უკრაინაა.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უახლოესი დღეები, კვირები და თვეები პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინაში და მის მიღმა შეცვლის ჩვენი კონტინენტის ბედს. და მაინც, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არ ვიცოდით. ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, რადგან უკრაინა არ არის კგბ-ის ოფიცერ პუტინის შეშლილი ამბიციების პირველი მსხვერპლი.

2008 წელს ის თავს დაესხა ჩემს ქვეყანას, რომლის 20% დღემდე ოკუპირებულია. ზოგიერთები დასავლეთში ცდილობდნენ საქართველო წარმოეჩინათ აგრესორად. რა შეცდომაა! რა სიცრუეა! საქართველო 2008 წელს იყო მხოლოდ მოთელვა 2014-ის და 2022-ის წინ. რატომ იყო დასავლეთი ასეთი წინდაუხედავი? რატომ არ სურს დღესაც ზოგიერთ დასავლეთელ ლიდერს, დიქტატორს უწოდოს დიქტატორი? და ბოლოს ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას? რეალიზმის, და ზოგჯერ გამბედაობის არქონას მივყავართ ტრაგიკულ შედეგებამდე", — თქვა მან.

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის უკვე შეავსეს კითხვარი. ევროკავშირი საკითხს ივნისში განიხილავს და გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.