ნეიტრონული ვარსკვლავები კოლაფსირებული ბირთვებია, რომლებიც, როგორც წესი, ძალიან სწრაფად ბრუნავს. ამის მიუხედავად, სიდნეის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა, ტელესკოპ MeerKAT-ის მეშვეობით, უჩვეულო, სავარაუდოდ, სრულიად ახალი ტიპის ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც ბრუნვას 75 წამს ანდომებს, რაც მსგავსი მნათობისთვის ძალიან დიდი დროა.

სპეციალისტებმა ის რადიოსიგნალის წყალობით დააფიქსირეს ცის იმ რეგიონში, სადაც ამგვარი ობიექტის არსებობა აქამდე არ იყო შემჩნეული. ისინი ამბობენ, რომ გაუმართლათ, რადგან გამოსხივება დედამიწიდან დაკვირვებას ექვემდებარება.

"შესაძლებელია, რომ ჩვენს გალაქტიკაში მრავალი ასეთი, ნელა მბრუნავი ვარსკვლავი არსებობდეს, რაც ნეიტრონული ვარსკვლავების დაბადებისა და განვითარების ეტაპების შესახებ მეტის გასაგებად მნიშვნელოვანია", — აცხადებენ მეცნიერები.

აღსანიშნავია, რომ ეს ნეიტრონული ვარსკვლავი პულსარისა და მაგნეტარის მახასიათებლებს იზიარებს, თუმცა სრულყოფილად არცერთ კატეგორიაში თავსდება. სწორედ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა, საქმე აქამდე უცნობ ფენომენთან გვქონდეს.

მეცნიერები აქამდე კონკრეტული ხანგრძლივობის ბრუნვის მქონე პულსარებზე იყვნენ კონცენტრირებულნი, ამიტომ გასაკვირი, არაა, რომ ზემოხსენებულის მსგავსი ობიექტები გამორჩენოდათ. ამასთან, მათგან მომდინარე სიგნალების დაფიქსირებას დედამიწის მდებარეობაც უნდა უწყობდეს ხელს.

ჩვენს გალაქტიკაში ამ დრომდე მხოლოდ დაახლოებით 3 000 ნეიტრონული ვარსკვლავია აღმოჩენილი, თუმცა ეს შეიძლება მალე შეიცვალოს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.